28 ნოემბერი 2024,   23:43
ვრცლად
"მოდი, ცხოვრებას ნუ ავურევთ თურმე ბიჭებს..." მივიღე წერილი და ახლა ვპასუხობ, არც გაბედოს კიდევ ერთხელ გაიმეოროს - ვახო სანაია დაკავებულების ახლობლებს მიმართავს

ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტი ვახო სანაიას თქმით, მასზე თავდასხმაში მონაწილეთა საერთო ნაცნობებმა წერილი მისწერეს და მოუწოდებდნენ, "დაკავებული პირებისთვის ცხოვრება არ აერია".

ჟურნალისტი წერილის ავტორებს "რუსთავი 2-ის" ეთერით პასუხობს: 

"აი ხომ იცი, იმ ქუჩაზე მცხოვრები საერთო ნაცნობების გამონახვას, რომ ცდილობენ. მივიღე წერილი, რომელსაც არც ვუპასუხე და ახლა ამ ადამიანს ვეუბნები, რომ არც გაბედოს კიდევ ერთხელ მოწერა. ამ შინაარსის, რომ მოდით ცხოვრებას ნუ ავურევთ თურმე ბიჭებს. ჯერ ერთი მაგათი ბიჭობა რა ვთქვი მე, არაკაცები არიან და ფარჩაკები, მაგრამ არც გაბედოს მოწერა ამ ამბავზე. იმიტომ კი არა, რომ მე პატიება არ შემიძლია, ძალიან ბევრი რაღაცის პატიება შემიძლია, მაგრამ მე არ მეხება ეს ამბავი. ეს ამბავი ეხება თითოეულ ჩემს კოლეგას და არა მხოლოდ ჩემ კოლეგას, თითოეულ მოქალაქეს.

ახლა მე რომ არ ვიყო ვახო სანაია, ჟურნალისტი, მე ვიცი რა მოძრაობებიც იქნებოდა, ამიტომ, აქვე ჩაჭრილია ეს საკითხი. არც გაბედოს არავინ სხვამ  და ამ ადამიანს მივმართავ, რომ ჯერ ერთი და სამარცხვინოდ იქცევი, ეს ტექსტი, რაც გამოგზავნე არ გაიმეორო, თორემ სხვანაირად გიპასუხებ და დანარჩენებსაც ვეუბნები,"- ამბობს სანაია.

ვახო სანაიას თქმით, ჟურნალისტებზე ხალხის დაგეშვა საკუთარ ქვეყანასთან დაპირისპირების ტოლფასია.

"ჟურნალისტებზე დაგეშვა ხალხის - ეს ნიშნავს, რომ საკუთარ ქვეყანას უპირისპირდები იმიტომ, რომ კრიტიკული მედია თუ არ გექნება, ისეთი მედიაც თუ არ გექნება, რომელიც ვთქვათ ხელისუფლების პოზიციას გამოხატავს, ესენი ხომ ჩვენი კოლეგები არიან ყველანი?! ისევე გავაპროტესტებთ ნებისმიერზე, ვინც ჩვენგან განსხვავებული პოზიციისაა, თავდასხმას თუ აგრესიას, როგორც ჩვენს თავზე იმიტომ, რომ მედიას სჭირდება ეს კონსოლიდაცია და მე ვფიქრობ, რომ ამაზე ძალიან ბევრი მუშაობა მოგვიწევს ჩვენ კიდევ.

ესენი რომ ვერავის ვერ შეაშინებენ, ამაზე ლაპარაკი საერთოდ არ არის, ეს არარაობები და მათი მფარველები კიდევ ხელისუფლებასთან დაკავშირებულები, ამაზე არ არის აქ ლაპარაკი, ჩვენ არ გვეშინია, მაგრამ ასეთი ფაქტები შეიძლება ტრაგიკულად დასრულდეს ამ ისედაც ფეთქებადსაშიში ქვეყნისთვის.

ასე რომ, ჩვენ ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები ვართ ჟურნალისტები, ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ საზოგადოებისგან და ვეუბნები იმათაც, რომლებიც იქ რაღაც კომენტარებს წერენ ხოლმე ხან ვისი და ხან ვისი დავალებით, იმ ტროლებსაც და ბოტებსაც, რომ თქვენთვისაც ვმუშაობთ ჩვენ, ჩვენ არ ვართ მხოლოდ ჟურნალისტები კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების. თქვენიც ვართ, იმიტომ რომ ხვალ, თქვენც იმავე პრობლემის წინაშე რომ დადგეთ, ჩვენ უნდა დაგეხმაროთ თქვენ," - განაცხადა ჟურნალისტმა ვახო სანაიამ "დღის კურიერის" ეთერში.

დღის ამბები