გენერალური შტაბი პრემიერ მინისტრის წინააღმდეგ - ვითარება ერევანში კვლავ უკიდურესად დაძაბულია. დღეს ნიკოლ ფაშინიანისა და ოპოზიციის მომხრეები ერთმანეთთან მხოლოდ 1 კილომეტრის დაშორებით იყვნენ შეკრებილები.
ყველაფერი სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბის განცხადებით დაიწყო, რომელმაც პრემიერ მინისტრის გადადგომა მოითხოვა, ამას მოყვა ნიკოლ ფაშინიანის მიერ გენშტაბის უფროსის ონიკ გასპარიანის გადაყენება, თუმცა გავრცელებულ განცხადებას მაღალი რანგის სხვა სომეხი სამხედროებიც აწერენ ხელს.
სომხეთის პრემიერ მინისტრი მომხდარს სამხედრო გადატრიალების მცდელობას უწოდებს.
ახალი პოლიტიკური კრიზისი დაწყების მიზეზი რუსული სარაკეტო კომპლექსი "ისკანდერია", რომლის შესახებაც ფაშინიანმა განაცხადა, რომ ყარაბაღის ომის დროს ის ან საერთოდ არ ფეთქდებოდა, ან ფეთქდებოდა გაშვებული რაკეტების მხოლოდ 10%.
პოლიტოლოგები და ანალიტიკოსები ამბობენ რომ სწორედ ეს განცხადება არ აპატია მოსკოვმა ფაშინიანს.
სიახლის გაგებიდან მალევე პრემიერმა საკუთარ მომხრეებს მიმართა და რესპუბლიკის მოედნისკენ დაიძრა. მეუღლესთან და შვილთან ერთად მოქალაქეებს შემოერთებისკენ მოუწოდებდა. ისიც თქვა,რომ ომში მარცხზე მართალია პასუხისმგებლობა თავად აიღო, თუმცა არც ისეა საქმე, რომ გენშტაბს სუფთად ემუშავა.ისაუბრა მათი ნაწილის პოლიტიკურ ძალებთან კავშირებზე. ამიტომ საზოგადოებას ომის შესახებ სიმართლეზე ღიად საუბარი შესთავაზა.
ნიკოლ ფაშინიანმა აქციის დასასრული მალევე გამოაცხადა და იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციაც იმავეს იზამს. თუმცა სომხური ოპოზიცია ამას არ აპირებს და უვადო აქციებისთვის ემზადება. ისინი მოსახლეობას შეიარაღებული ძალების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. არ გამორიცხავენ,რომ პრემიერი გენერალიტეტის დაკავებას გეგმავდეს.