28 ნოემბერი 2024,   23:52
ვრცლად
ევროკავშირის მოწოდებები ორი მისამართით - ბრიუსელი ​​პოლიტიკურ სპექტრს საერთო ენის გამონახვას ურჩევს და დეესკალაციისკენ მოუწოდებს 

ნიკა მელიას საქმეს და მისი დაკავების შემდეგ საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას დღეს ევროკავშირი ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა.

ბრიუსელის მიმართვას ორი ადრესატი ჰყავს - ევროკავშირი ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც მოუწოდებს გამონახონ საერთო ენა და გააძლიერონ დეესკალაციაზე მიმართული ძალისხმევა.

გუშინ ოპოზიციის ერთი ნაწილი აცხადებდა რომ ელჩებთან შეხვედრაზე ოპოზიციის პარლამენტში შესვლაზე საუბარია აღარ ყოფილა, თუმცა დღეს ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმით არის ნათქვამი - "გადამწყვეტია, რომ ოპოზიციამ კონსტრუქციული როლი შეასრულოს, პარლამენტში შესვლის ჩათვლით".

ამასთან მოწოდებაა მმართველი ძალის მისამართითაც. გამოთქმულია იმედი, რომ მმართველი ძალა და მთავრობა უზრუნველყოფენ ქვეყნის ინკლუზიურ ხელმძღვანელობას და საქართველოს ხალხის ინტერესებს პირველ ადგილზე დააყენებენ, ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ სასამართლო სისტემა იყოს სამართლიანი, დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული.

შეგახსენებთ, ფასილიტატორი ელჩების ორგანიზებით, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დაწყებული მოლაპარაკებების პროცესი ორ თვეზე მეტია დაპაუზებულია. დიალოგის გაგრძელების შესახებ ორივე მხარის მზადყოფნის მიუხედავად, მოლაპარაკების შემდეგი რაუნდის გამართვის თარიღი ამ დრომდე უცნობია.

დღის ამბები