28 ნოემბერი 2024,   23:52
ვრცლად
2020 წლის არჩევნებისას დაშვებულ დარღვევებს - გივი მიქანაძე, ალუდა ღუდუშაური, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი შეისწავლიან 

საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა ცნობილია - 4 დეპუტატი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას დაშვებულ გადაცდომებსა და დარღვევებს შეისწავლიან - გივი მიქანაძე, ალუდა ღუდუშაური, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი იქნებიან.

პროცესში მონაწილობას არ აპირებს პარტია "მოქალაქეები". საგამოძიებო კომისიას უნდობლობას უცხადებს დანარჩენი ოპოზიციაც.

მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ოპოზიციას აქვს შესაძლებლობა საგამოძიებო კომისიას წარუდგინოს მტკიცებულებები 2020-ის არჩევნების გაყალბების შესახებ, თუ ასეთი რამ არსებობს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გურამ მაჭარაშვილის თქმით, საგამოძიებო კომისიის მუშაობით არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით სპეკულაციები საბოლოოდ დასრულდება.

"ჩვენ გვაქვს ასეთი მაღალი შესაძლებლობა, უფრო მეტად ეს აქვს ოპოზიციას, რომ მოვიდეს, მოიტანოს მტკიცებულებები თუ კი ასეთი არსებობს, ან თუ კითხვები აქვს მოხდეს დაბარება ნებისმიერი თანამდებობის პირის და შესაბამისად იქ გაირკვევა რამდენად იყო გაყალბებული არჩევნები. ამდენად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რადგან არ არსებობს ოპოზიციის ძირითადი ნაწილის მხრიდან სურვილი ამ კომისიაში მონაწილეობის ეს იმას ნიშნავს, რომ ამ კომისიის მუშაობით ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება სპეკულაციები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, ხელისუფლება მზად არის, რომ საგამოძიებო კომისიაზე არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი ყველა მტკიცებულებებისა, თუ არგუმენტების გამოკვლევა ჯანსაღად და ობიექტურად მოხდება.

"კიდევ ერთხელ მზად ვართ იმის დასამტკიცებლად, რომ ნამდვილად ყველა ის ხარვეზი, ნებისმიერი პრეტენზია, რომელიც იქნება საფუძვლიანი და რომელზეც წარმოადგენენ არგუმენტებს და მტკიცებულებებს, რა თქმა უნდა ჯანსაღად და ობიექტურად მოხდეს ამის გამოკვლევა და შესწავლა. ამიტომაც არის, რომ ვთავაზობთ მათ, რომ ამ ფორმატში მიიღონ მონაწილეობა, ხელიდან არ გაუშვან ეს შანსი და თუ რამე აქვთ მართლაც ხელთ ამის დასამტკიცებლად წარმოადგინონ და არგუმენტირებულად გვეპაიქრნონ," - აცხადებს ალუდა ღუდუშაური.

"ევროპელი სოციალისტების" თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია მიესალმება პარლამენტის მიერ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს და აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანომ სამართლიანი და სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მისივე თქმით, ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოში არჩევნები მუდმივად გაყალბებული იყო, გააჩნია რა დოზით აქვს ადგილი გაყალბებას.

"პარლამენტმა სავსებით სამართლიანი და სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ შეექმნა დროებითი საგამოძიებო კომისია. ამ თვეების განმავლობაში სულ საუბარია იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა. საქართველოში არჩევნები ბოლო 30 წლის განმავლობაში გარკვეული დოზით ყოველთვის იყო გაყალბებული, მაგრამ გააჩნია რა დოზა არის ეს. ისეთია, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ეს ლეგიტიმურია თუ არა," - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

დღის ამბები