28 ნოემბერი 2024,   23:54
ვრცლად
ოპოზიციური პარტიის ლიდერები ამ წუთებში ნიკა მელიას ხვდებიან და სამოქმედო გეგმას განიხილავენ

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისი პარტიის თავმჯდომარეს უკვე რამდენიმე დღეა არ დაუტოვებია. ნიკა მელია ღამის გათენებას დღესაც იქ აპირებს. 

ოპოზიციური პარტიის ოფისში ნიკა მელიას მხარდასაჭერად სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებიც იმყოფებიან. ისინი ახლა ნიკა მელიას ხვდებიან და როგორც ცნობილია, სამოქმედო გეგმას განიხილავენ. ოპოზიციონერების განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" მოკლე ვადაში უნდა შეწყვიტოს ნიკა მელიას დევნა, უარი თქვას აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებულ პატიმრობაზე და ამის შემდეგ, ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით უნდა ითქვას, თუ როდის გაიმართება საქართველოში რიგგარეშე არჩევნები. 

ოპოზიციონერი ლიდერები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვითაც, ნიკა მელიას დაკავება დროებით გადაიდო. 

"დაკავების გადადება იყო პოლიტიკური და სამართლებრივი აბსურდი. "ქართული ოცნება" გვეუბნება: იმიტომ, რომ პრემიერი აღარ გვყავს და შტურმზე პასუხისმგებლობას ვერავინ ვერ იღებს, დროებით გადავდეთ ეს ოპერაცია და როგორც გვეყოლება შესაბამისად აგრესიული, ყველაფერზე ხელისმომწერი და აგრესიული პრემიერი, მერე შემოგიტევთ და დაგარბევთო," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი პეტრე ცისკარიშვილი. 

ნიკა მელია ხვალ პარტიის ოფისის დატოვებას გეგმავს. მისი კოლეგების თქმით კი, გადაადგილების დროს, კვლავ მასთან ერთად იქნებიან. 

დღის ამბები