28 ნოემბერი 2024,   23:42
ვრცლად
არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს პასუხი კომისიამ უნდა გასცეს - ვინ უხელმძღვანელებს გამოძიებას საკანონმდებლო ორგანოში

საგამოძიებო კომისია, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ კითხვებს უნდა უპასუხოს, უკვე შექმნილია. მომდევნო კვირას პარლამენტი განსაზღვრავს კვოტებს, ვინ რა რაოდენობით იქნება კომისიაში წარმოდგენილი და ვინ იქნება თავმჯდომარე. ამ პროცედურების შემდეგ კი, 3 დღიან ვადაში, საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა ჩაინიშნება. ინიციატივის ავტორი ფრაქცია "ქართული ოცნებაა", სადაც ამბობენ, რომ თუ კომისია 2020-ის საპარლამენტო არჩევნების შედეგებში 1%-იან ცდომილებას მაინც აღმოაჩენს, მზად არიან ხელახალი არჩევნები ჩაატარონ.

მოწოდებების მიუხედავად საპარლამენტო ოპოზიციიდან საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩართვას არ აპირებს პარტია "მოქალაქეები", სადაც მიაჩნიათ, რომ კომისიის მუშაობას აზრი არ ექნება, თუ ოპოზიციის სრული სპექტრი არ იქნება წარმოდგენილი. მათგან განსხვავებული პოზიცია აქვთ "ევროპელ სოციალისტებს". ისინი მზად არიან კომისიის საქმიანობაში მონაწილეობა მიიღონ და ამბობენ, რომ ეს არის შესაძლებლობა, დღემდე არსებულ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს. 

საგამოძიებო კომისია შეიქმნა, თუმცა მასში ჩართვა არ სურთ იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებმაც 2020 წლის არჩევნებზე საპარლამენტო მანდატები მოიპოვეს, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადეს. 

მმართველი გუნდი ოპოზიციის ამ განცხადებებს სპეკულაციურს უწოდებს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ეს კომისია ოპოზიციას შესაძლებლობას აძლევს დარწმუნდეს რეალურ შედეგებში ან გაამყაროს საკუთარი მოსაზრებები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით.

როგორ დაკომპლექტდება საგამოძიებო კომისია და ვინ იქნება თავმჯდომარე, ორშაბათს გახდება ცნობილი.

დღის ამბები