28 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
გიორგი გახარიამ ამომწურავად განმარტა, რომ იყო აზრთა სხვადასხვაობა გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე თუ დროზე - არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე ადასტურებს, რომ გიორგი გახარიასა და გუნდს შორის იყო აზრთა სხვადასხვაობა ნიკა მელიას მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით, თუმცა, აქვე ამბობს, რომ ასეთია კანონი და სასამართლოს გადაწყვეტილება.

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განმარტებით, კანონის მოთხოვნა და სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის ის საკითხი, რომლის აღსრულება-არაღსრულებაზეც შესაძლოა, პოლიტიკურმა გუნდმა იმსჯელოს. 

"კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ არის უმრავლესობის მოთხოვნა, ეს არის კანონის მოთხოვნა და სასამართლოს გადაწყვეტილება, შესაბამისა, ვერც ერთი პოლიტიკური გუნდი ვერ იმსჯელებდა რასაც ითხოვს კანონი და რაც სასამართლომ გადაწყვიტა ეს უნდა აღსრულდეს თუ არ აღსრულდეს, ამაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს და არც გიორგი გახარიას ჰქონდა ამაზე კითხვის ნიშნები და ვერც ექნებოდა.

რაც შეეხება უნდა აღსრულებულიყო თუ არა, აქაც ამ გადაწყვეტილების აღსრულებას შესაბამისი ინსტიტუტები უზრუნველყოფენ და არა პოლიტსაბჭო.

რაც შეეხება დისკუსიას, ბატონმა გიორგიმ ძალიან ამომწურავად განმარტა ეს მომენტი თავის საჯარო ბრიფინგში და როდესაც გადაწყვეტილება გაახმოვანა იქ თქვა, რომ იყო აზრთა სხვადასხვაობა გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებთან, თუ დროსთან დაკავშირებით, ეს უკვე არის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური დისკუსიის საგანი, ვინაიდან ოპოზიცია და თვითონ ნიკა მელიაც პირდაპირ იმუქრება და იმუქრებოდა, რომ არც გადაიხდის, ვერც დაიჭერენ, ეს იყო მისი მუქარა.

"ქართული ოცნება" რა თქმა უნდა, ყოველთვის ფიქრობდა ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების პოლიტიკურ შედეგებზე და მათ შორის, ამ შემთხვევაშიც, დისკუსია იყო გუნდში და შეიძლება მომავალშიც იყოს ეს დისკუსია, თუ რა პოლიტიკური შედეგები შეიძლება მოჰყვეს იმ პროვოკაციას, რაც ნიკა მელიამ ამ შემთხვევაში გამოიყენა," - განაცხადა "დღის კურიერის" ეთერში არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები