28 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
ოპოზიცია მზად ვართ უარი ვთქვათ დაპირისპირებაზე შეთანხმების ხარჯზე - გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარ გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია მზად არის დაპირისპირებაზე უარი თქვას, თუმცა ეს უნდა მოხდეს შეთანხმების ხარჯზე, რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს.

მისივე განმარტებით, ქვეყანაში დღესდღეობით არსებული ვითარების გათვალისწინებით, სხვა გამოსავალი ფიზიკურად არ არსებობს.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, "ქართულ ოცნებასაც" და ირაკლი ღარიბაშვილს აქვთ არჩევანი დაპირისპირებასა და შეთანხმებას შორის. იმ შემთხვევაში, თუ "ოცნება" დაპირისპირებას აირჩევს, ვაშაძის თქმით, ეს მათ ხელისუფლებას დასასრულს კიდევ უფრო მოუსწრაფებს.

"ღარიბაშვილს, რომელსაც პრემიერად დანიშვნას უპირებენ, მას და "ქართულ ოცნებას" აქვს არჩევანი: შეთანხმება თუ დაპირისპირება. ამ არჩევნის წინაშე ისინი კვლავ დგანან. თუ ისინი დაპირისპირების გზით წავლენ, ეს მოუსწრაფებს მათ ხელისუფლების დასასრულს. თანამდებობებზე კი არ უნდა იფიქრონ, ვიწრო პარტიულ ინტერესზე კი არ უნდა იფიქრონ, ჯინიანობაზე კი არ უნდა იფიქრონ, ახლა უნდა იფიქრონ სახელმწიფოზე. ერთხელ მაინც ხომ უნდა დაფიქრდნენ, რომ ქვეყანა, სახელმწიფო უნდა გადავარჩინოთ დაპირისპირებას.

ჩვენ, ოპოზიცია მზად ვართ უარი ვთქვათ დაპირისპირებაზე შეთანხმების ხარჯზე. ის, რაც მოხდა, ყველა საფუძველს ქმნის, მათ შორის ლეგიტიმურ საფუძველსაც, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს. ეს ჩვენი აზრია და არა მარტო ჩვენი აზრია. ვფიქრობ, რომ ამ ვითარებაში ფიზიკურად სხვა გამოსავალი არ არის.

მინდა თქვენი ეთერით მოვუწოდო "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, რომ მარტო თავის ლიდერებს ნუ უყურებენ. ვისაც გაქვთ ჩემი ტელეფონი, მზად ვარ, რომ გესაუბროთ და ვისაუბროთ დეესკალაციაზე," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ "ღამის კურიერის" ეთერში.

დღის ამბები