28 ნოემბერი 2024,   23:41
ვრცლად
შაბათს პანაშვიდზე უნდა მივიდე, ოფისიდან გასვლას ვაპირებ და ამას ვერავინ დაუდგება წინ - ნიკა მელია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია, ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში პარტიის ცენტრალურ ოფისს დატოვებს და ამაში ხელს ვერავინ შეუშლის. ნიკა მელიას თქმით, ის აპირებს მონაწილეობა მიიღოს როგორც პოლიტიკურ აქტივობებში, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც.

"ვმუშაობ, ვცხოვრობ, მანამდეც არაერთი ღამე გამითენებია ამ ოფისში, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, რომ ნორმალურად იმუშაო. ვითარება არაა ორდინალური, რაღა დაგიმალოთ, ტყუილს რატო გაკადრებთ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ მივიღებ მონაწილეობას იმ აქტივობებში, რომელიც გაიმართება ოფისის მიღმა. არამარტო რუსთაველის აქციაზე,  იქნება ეს გლდანი, თბილისის სხვადასხვა რაიონები, ვაპირებ უახლოეს დღეებში მივიღო მონაწილეობა. ვაპირებ პოლიტიკურ აქტივობებში მონაწილეობას, შაბათს პანაშვიდზეც უნდა მივიდე. ოფისიდან გასვლას ვაპირებ და ამას ვერავინ დაუდგება წინ, ღარიბაშვილი თუ ფარცხალაძე, ვინც არ უნდა დაინიშნოს," - განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერა და შემდეგ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისთვის საქმე სასამართლოს გადაეცა, ნიკა მელიამ რამდენიმე დღე მხარდამჭერებთან და ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში გაატარა.

დღეს დილით, ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ სამართალდამცავები ნიკა მელიას დასაკავებლად სწორედ პარტიის ოფისში უნდა მისულიყვნენ. იმავე პერიოდში გიორგი გახარიამ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა და მიზეზად, მმართველ გუნდში ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით შეუთანხმებლობა დაასახელა.

საბოლოოდ, შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრემიერის გადადგომის გამო, ნიკა მელიასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დროებით გადაიდო.

დღის ამბები