28 ნოემბერი 2024,   23:47
ვრცლად
რას ამბობენ სტრატეგიული პარტნიორები საქართველოში შექმნილ ვითარებაზე - ფასილიტატორების და საელჩოების პირველი განცხადებები

ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოუწოდებს, თავშეკავებულად და პასუხისმგებლობით იმოქმედონ, რათა თავიდან აიცილონ შემდგომი ესკალაცია. ამის შესახებ ევროკავშირის განცხადებაშია ნათქვამი. ევროკავშირში აღნიშნავენ, რომ საჭიროა პოლიტიკური გამბედაობა და ნამდვილი დემოკრატიული ლიდერობა, რომ მხარეები შეთანხმდნენ და პოლარიზაციის გაღრმავება თავიდან აიცილონ.

გუშინდელი დღის მიწურულს ნათქვამი ვაშინგტონმა დღევანდელი დღის დასაწყისშიც განავრცო. ამერიკის საელჩომ დილით ოპოზიციას და ხელისუფლებას კვლავ მაქსიმალური თავშეკავებისკენ და მშვიდობიანი-არაძალადობრივი პროცესებისკენ მოუწოდა. თუმცა ამჯერად დიპლომატიური მისიის განცხადებაში ის მიზეზებიც იკითხებოდა, რითიც ამერიკის წარმომადგენლობა მოცემულ "სახიფათო ვითარებას" ხსნიან.

განცხადებიდან რამდენიმე საათში ოპოზიციამ გიორგი გახარიას გადადგომის თაობაზეც შეიტყო, რასაც შსს-ს განცხადება მოჰყვა მელიას დაკავების გადადებაზე, ამას შესაბამისად მოჰყვა სიტუაციის განმუხტვაც - ეს კი ოპოზიციამ მთავრობის დათმობად აღიქვა და ამაში საერთაშორისო პარტნიორების როლს გაუსვა ხაზი, რისთვისაც მათ მადლობაც გადაუხადეს.

მოლაპარაკების მე-5 რაუნდის დასახელება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ბოლო მოვლენებმა კიდევ უფრო მეტად გააჭიანურა, თუმცა ბევრი მიიჩნევს, რომ არსებულმა სიტუაციამ შესაძლოა საუბრების განახლებას ბიძგიც კი მისცეს. საუბრების სუფთა ფურცლიდან დაწყებას ურჩევს მხარეებს ლიეტუვას ელჩი, რომელიც დღეს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში იმყოფებოდა.

კიდევ ერთი განცხადება აშშ-ის საელჩომ პოლიტიკურად დატვირთული დღის მიწურულს გაავრცელა - აღნიშნა, რომ აფასებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ გამოვლენილ თავშეკავებას და აუცილებლად მიიჩნევს, დაძაბულობის დეესკალაციაზე ყველამ იზრუნოს, იმ მიზნით, რომ შეთანხმების შესაძლებლობამ იარსებოს. 

დღის ამბები