29 ნოემბერი 2024,   00:05
ვრცლად
მთავრობის ფორმირების ორი სცენარი გიორგი გახარიას წასვლის შემდეგ

პარლამენტი მორიგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის ემზადება. საკანონმდებლო ორგანომ აღმასრულებელ ხელისუფლებას ნდობა უნდა გამოუცხადოს, რისთვისაც მინიმუმ 76 დეპუტატის ხმა და მაქსიმუმ ორკვირიანი ვადაა განსაზღვრული. კონსტიტუციის მიხედვით, სწორედ ამ დროში უნდა დამტკიცდეს მთავრობის ახალი შემადგენლობა, რომელიც თავის მხრივ მმართველი გუნდის მიერ წარდგენილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა უნდა წარადგინოს. სამომავლო გადაწყვეტილებამდე რეალობა ასეთია - ქვეყანას მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლებთან ერთად პირველი ვიცე-პრემიერი მართავს, რომელსაც მთავრობის მეთაურის ფუნქცია აქვს მინიჭებული.

ნდობას მთავრობას 76 დეპუტატის ხმა უცხადებს. არასაკმარისი რაოდენობის მხარდაჭერის შემთხვევაში კონსტიტუცია სხვა გამოსავალსაც ტოვებს, რაც დამატებითი ორი კვირის ვადაში სულ ცოტა 51 დეპუტატის მიერ პრემიერობის ახალი კანდიდატის დასახელებას ითვალისწინებს. კანონმდებლობა ამ შემთხვევაში არ გამორიცხავს ერთდროულად ორი კანდიდატის დასახელებასაც.

იმას, რასაც კონსტიტუციონალისტები ვარაუდობენ, წინასწარი განცხადებებით ადასტურებენ მმართველ გუნდში. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ მათ კანდიდატს გუნდის უპირობო მხარდაჭერა ექნება, რაც, მათი თქმით, გონივრულ ვადაში მოხდება.

თუკი მაინც გადაწყვეტილების მიღება გაჭირდება, ახალი კანდიდატის დასახელების შესაძლებლობა ოპოზიციასაც ეძლევა, თუმცა კონსტიტუციით დადგენილი უფლების გამოყენებას ხელისუფლების ოპონენტები თეორიულადაც არ განიხილავენ.

რიგგარეშე არჩევნებამდე კი კანონმდებლობის მიხედვით კენჭისყრაზე ორჯერ ჩავარდნილი საკითხი და პრეზიდენტის განკარგულებაა საჭირო. 

დღის ამბები