29 ნოემბერი 2024,   00:03
ვრცლად
შეზღუდვების მოხსნის ახალი ეტაპი ქვეყანაში - ხვალიდან სკოლები და რესტორნებისა და კაფე-ბარების ღია სივრცეები იხსნება

ხვალიდან ქვეყანა რეგულაციების შემსუბუქების ახალ ეტაპზე გადადის - იხსნება სკოლები და რესტორნებისა და კაფე-ბარების ღია სივრცეები. ობიექტები დილიდან საღამოს 8 საათამდე იმუშავებენ. თუმცა აქაც, როგორც სტუმრებმა, ასევე პერსონალმა უსაფრთხოების ნორმები მკაცრად უნდა დაიცვას. გარდა ამისა, რესტორნები ტრანსპორტისა და საცალო ვაჭრობის სფეროს მსგავსად, ვერც შაბათს და კვირას იფუნქციონირებენ.

გახსნის სამზადისი არ არის ყველა რესტორანსა და ბარში, რადგან მიღებული ზარალის ფონზე მათი გარკვეული ნაწილი მუშაობის განახლებას ვერ ახერხებს. ნაწილისთვის შაბათ-კვირისა და საათობრივი შეზღუდვის გათვალისწინებით მუშაობის დაწყება ხელსაყრელი არ არის, რადგან მათი მომხმარებლის ძირითად სეგმენტი დღის საათებში რესტორნებსა თუ ბარებში სტუმრობას ფიზიკურად ვერ შეძლებს.

რესტორნების ასოციაციის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მთავრობასთან მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპი სწორედ იმ რეგულაციების კიდევ უფრო შემსუბუქებას უნდა შეეხოს, რომელიც 15 თებერვლის შემდეგაც ძალაში დარჩება.

ბიზნესის გარდა ხვალიდან მნიშვნელოვანი ცვლილება ამოქმედდება განათლების სფეროში. თბილისი, რუსთავი და ქუთაისი - ამ სამივე ქალაქში ბავშვები დისტანციური სწავლებიდან სკოლას და საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან. მეხუთე კლასიდან მეთორმეტეს ჩათვლით მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება აუცილებელი პირობაა. სკოლების დადგენილი სტანდარტებით აღჭურვაზე პასუხისმგებლობას განათლების სამინისტრო ოღებს.

დღის ამბები