28 ნოემბერი 2024,   23:51
ვრცლად
აშშ-ის ისტორიაში დონალდ ტრამპი პირველი პრეზიდენტია, რომელიც იმპიჩმენტს მეორედ გადაურჩა

შეერთებული შტატების ისტორიაში დონალდ ტრამპი პირველი პრეზიდენტია, რომელიც იმპიჩმენტს მეორედ გადაურჩა. სენატმა საკითხი ჩააგდო და ამერიკის 45-ე პრეზიდენტი გაამართლა. იმპიჩმენტისთვის საჭირო იყო 67 სენატორის, მათ შორის 17 "რესპუბლიკელის" ხმა, თუმცა საბოლოო ჯამში ტრამპი დამნაშავედ 57 კანონმდებლებმა ცნო, 43 კი წინააღმდეგ წავიდა.

წარმომადგენელთა პალატამ ტრამპს იმპიჩმენტი 13 იანვარს გამოუცხადა, მისი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე ერთი კვირით ადრე. წარმომადგენელთა პალატა პრეზიდენტს ამბოხების წაქეზებაში სდებდა ბრალს, რომელსაც კაპიტოლიუმზე იერიში მოჰყვა.

სენატში ბრალდებების დასამტკიცებლად, 50 დემოკრატთან ერთად საჭირო იყო 17 რესპუბლიკელის თანხმობაც. ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ კენჭისყრაში მონაწილეობა შვიდმა რესპუბლიკელმა სენატორმა მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ სენატის გადაწყვეტილებით ტრამპი გამართლდა, 6 იანვარს ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებში პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა სენატში რესპუბლიკელების ლიდერმა, ყოფილ პრეზიდენტს დააკისრა.

იმპიჩმენტის პროცესს, წარმომადგენელთა პალატიდან სენატამდე, არაკონსტიტუციურად აფასებენ ყოფილი პრეზიდენტის ინტერესების დამცველები. დონალდ ტრამპის ადვოკატები დასაწყისიდანვე ამტკიცებდნენ, რომ 6 იანვარს, კაპიტოლიუმის შენობაში ძალადობრივად შეჭრილი ადამიანები საკუთარი ნებით მოქმედებდნენ და არა ტრამპის წაქეზებით. რაც ტრამპის უფლებადამცველების მოსაზრებით, სენატის საბოლოო გადაწყვეტილებამაც დაადასტურა.

უფრო ხისტია საკუთარ შეფასებაში ამერიკის 45-ე პრეზიდენტი. დონალდ ტრამპმა საკუთარ განცხადებაში კვლავ კუდიანებზე ნადირობა ახსენა და თქვა, რომ მის წინააღმდეგ მართლმსაჯულება პოლიტიკური ვენდეტისთვის გამოიყენეს.

დღის ამბები