28 ნოემბერი 2024,   23:54
ვრცლად
ჩვენ რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ, რაც კანონმა მოგვცა უფლება და შესაძლებლობა - ვახტანგ გომელაური 14 წლის გოგოს საქმეზე

14 წლის მოზარდის თვითმკვლელობის საკითხს, რომლის საქმეზეც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული, შინაგან საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა. ვახტანგ გომელაური არ ეთანხმება სამოქალაქო სექტორის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ უწყებამ არასათანადოდ იმუშავა.  შს მინისტრი აცხადებს, რომ თუ არსებობს რაიმე პრეტენზია, დაინტერესებულ მხარეს შეუძლია, საჩივარი შეიტანოს:

"მივუსამძიმრებ ოჯახს, ძალიან მძიმე ფაქტია. ვისი საკითხი დადგება - არ დადგება, ამ თემაზე მე ვიტყოდი, რომ ჩვენ რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ, რაც კანონმა მოგვცა უფლება და შესაძლებლობა - საგამოძიებო მოქმედებები, გამოკითხვები დაკითხვები. ვისი საკითხი დადგება და არ დადგება, კითხვას ასეთ ინტერპრეტაციას ნუ უკეთებთ, თუ ვინმეს აქვს რაიმე პრეტენზია, ეს იქნება ოჯახი, თუ სხვა ადამიანი, შეიტანონ საჩივარი და ნახონ, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და როგორ გაკეთდა," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

14 წლის გოგო 9 თებერვალს სახლთან გარდაცვლილი მისმა პაპამ იპოვა.

თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულია 23 წლის მამაკაცი, რომელსაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ გუშინ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დღის ამბები