28 ნოემბერი 2024,   23:57
ვრცლად
უნდა მოხდეს დიდი შერიგება, პოლიტიკური დევნა უნდა დასრულდეს ერთბაშად - საბა ბუაძე 

"ლელოში" მიაჩნიათ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრება პოლიტიკურ კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს. როგორც "ლელოს" წევრმა საბა ბუაძემ ნიკა მელიას გირაოს გადაუხდელობისა და პარლამენტის მიერ მისთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოსალოდნელი მოხსნის საკითხზე საუბრისას განაცხადა, აუცილებელია მოხდეს დიდი შერიგება და დასრულდეს ყველა პოლიტიკური მოტივით დაწყებული საქმე:

"ბუნებრივია, რომ ნიკა მელიას დაპატიმრება კიდევ უფრო გააუარესებს ისედაც რთულ ვითარებაში არსებულ პოლიტიკურ პროცესს და პოლიტიკური კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

უნდა მოხდეს დიდი შერიგება, პოლიტიკური დევნა უნდა დასრულდეს ერთბაშად, ყველა ის საქმე, რომელიც პოლიტიკური მოტივით არის დაწყებული - მათ შორის, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, ამ საქმეებს უნდა დაესვას წერტილი იმისთვის, რომ ჩვენ ახალი ფურცლიდან შევძლოთ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის წარმოება," - განაცხადა საბა ბუაძემ.

შეგახსენებთ, პროკურატურის განცხადებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას გირაოს პირობების შეუსრულებლობის გამო მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუმკაცრდა და გირაოს ოდენობა გაიზარდა 40 000 ლარით.  ბრალდების მხარე ნიკა მელიას 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. პროკურატურამ გირაოს გაზრდილი ოდენობის გადახდისთვის ნიკა მელიას ერთკვირიანი ვადა მისცა, რომელიც 12 თებერვალს ამოიწურა.

პროკურატურის განმარტებით  გირაოს თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ან თუ იგი გირაოს თანხას ეკვივალენტური უძრავი ქონებით არ უზრუნველყოფს, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე, რისთვისაც პროკურატურას პარლამენტის თანხმობა და ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნა სჭირდება.

დღის ამბები