28 ნოემბერი 2024,   23:54
ვრცლად
ენმ ხელოვნურად დაძაბულობას ქმნის, რომ მუხტი შეიქმნას საზოგადოებაში, "ოცნება" ხელს უწყობს, რომ ეს მუხტი ნამდვილად შეიქმნას - ალექსანდრე რაქვიაშვილი მელიას საქმეზე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაოს გადაუხდელობისა და პარლამენტის მიერ მისთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოსალოდნელი მოხსნის საკითხი პოლიტიკური განაცხადებების თემაა.

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე "ნაციონალური მოძრაობა" საზოგადოებაში მუხტის შექმნის იმედით, ხელოვნურად დაძაბულობას ქმნის და "ქართული ოცნებაც" თავისი ქმედებებით მათ ამაში ხელს უწყობს:

"მივიჩნევ, რომ იმუნიტეტი არ უნდა იყოს მოხსნილი, მინიმუმ იმიტომ, რომ იმუნიტეტი აძლევს პოლიტიკოსს შესაძლებლობას, რომ მაღალი პოლიტიკური რისკი აიღოს საკუთარ თავზე და ეს ბუნებრივი ნაწილია პარლამენტარის ცხოვრების.

"ნაციონალური მოძრაობა", როგორც ჩანს, ხელოვნურად დაძაბულობას ქმნის და მოლოდინი აქვს, რომ მუხტი შეიქმნება საზოგადოებაში, ამდაგვარი ქმედებების შემდეგ და სამწუხაროდ, "ქართული ოცნება" ხელს უწყობს, რომ ეს მუხტი ნამდვილად შეიქმნას," - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

შეგახსენებთ, პროკურატურის განცხადებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას გირაოს პირობების შეუსრულებლობის გამო მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუმკაცრდა და გირაოს ოდენობა გაიზარდა 40 000 ლარით.  ბრალდების მხარე ნიკა მელიას 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. პროკურატურამ გირაოს გაზრდილი ოდენობის გადახდისთვის ნიკა მელიას ერთკვირიანი ვადა მისცა, რომელიც 12 თებერვალს ამოიწურა.

პროკურატურის განმარტებით  გირაოს თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ან თუ იგი გირაოს თანხას ეკვივალენტური უძრავი ქონებით არ უზრუნველყოფს, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე, რისთვისაც პროკურატურას პარლამენტის თანხმობა და ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნა სჭირდება.

დღის ამბები