28 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
ბიზნესი გახსნის მოლოდინშია - ეპიდვითარების მაჩვენებელი ქვეყანაში რეგულაციების შემსუბუქების საფუძველი ხდება

საბანკო სექტორი, წარმოება, ვაჭრობა, კომუნიკაციები, ენერგეტიკა, სერვისები - პრემიერ-მინისტრმა დღეს მსხვილი ბიზნესის თითქმის ყველა სფეროს წარმომადგენლებს გააცნო მთავრობის ხედვა, თუ რა პრინციპებით უნდა შემსუბუქდეს რეგულაციები და რა უნდა გაკეთდეს ეკონომიკის ასამუშავებლად. ბიზნესი მეტ სამუშაო დროს, რიგ შემთხვევებში კი, დღემდე სრულად ჩაკეტილი სფეროების გახსნის მოლოდინშია.

დღეს კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ამ მხრივ ცვლილებები კვლავ ვირუსის გავრცელების სტატისტიკაზე იქნება დამოკიდებული.

პანდემიის გამო სრულად გაჩერებული ობიექტების ჩამონათვალს დღეს ქვეყნის მასშტაბით ყველა ბაზრობა გამოაკლდა. სავაჭრო სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბიზნესის გადარჩენისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯით კმაყოფილები არიან, თუმცა ზარალის გადასაფარად ხანგრძლივი პერიოდი დასჭირდებათ. ბაზრობები სავაჭრო ცენტრების მსგავსად შაბათისა და კვირის გარდა, 19:00 საათამდე, დადგენილი წესების მკაცრი კონტროლით იმუშავებენ.

დღეიდან მნიშვნელოვანი ცვლილებები ამოქმედდა ტრანსპორტის სფეროსა და მგზავრებისთვის. საქალაქთაშორისო მიმოსვლის გარდა 21:00 საათამდე მგზავრობა შესაძლებელია მუნიციპალური ავტობუსებით და მიკროავტობუსებით. მუშაობა განაახლა თბილისის მეტროპოლიტენმაც.

იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის გავრცელების ყოველკვირეული მაჩვენებელი 4%-ს არ ასცდება, 15 თებერვლიდან შეზღუდვების შემსუბუქებას ელოდება განათლების სფერო და სარესტორნო ბიზნესი. 

დღის ამბები