28 ნოემბერი 2024,   23:39
ვრცლად
საარჩევნო რეფორმა პარლამენტში - ინტერესის მთავარი თემაა დატოვებს თუ არა თანამდებობას თამარ ჟვანია

პარტია "მოქალაქეების" წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ოქტომბერში თვითმმართველობის არჩევნები მოქმედი თავმჯდომარის პირობებში ვეღარ ჩატარდება და ამის გარანტი მემორანდუმია, რომელიც მალე კანონად იქცევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი მეათე მოწვევის პარლამენტში მუშაობის აზრს ვერ ხედავენ.  

მემორანდუმის პუნქტებით გათვალისწინებული ცვლილებები განსაზღვრავს, მათ შორის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესსაც, თუმცა რამდენად უზრუნველყოფს საარჩევნო რეფორმა თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გათავისუფლებას - ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა.

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ ჟვანიას უფლებამოსილების ვადა 2023 წლის დეკემბერში ეწურება და დაგეგმილი ცვლილებები დაკავებული თანამდებობიდან ავტომატურად ვერ გაათავისუფლებს.

ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი ერთ-ერთია იმ ცვლილებებიდან, რომლებზეც პარლამენტში დღეს იმსჯელეს. სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრაში დეპუტატებთან ერთად ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მესამე სექტორის რეკომენდაციები თვითმმართველობის არჩევნებისთვის სისტემის ცვლილებასა და საუბნო და საოლქო კომისიების დაკომპლექტების წესს უკავშირდება. არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ დოკუმენტში ამომრჩევლის მოსყიდვის, დაშინების, ზეწოლისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხებიც უნდა გაიწეროს.

სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ კონკრეტული პერსონების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხები კანონში ვერ გაიწერება. მზად არიან, მესამე სექტორის რეკომენდაციებიც გაითვალისწინონ და იმასაც ამბობენ, რომ მემორანდუმის კანონად ქცევის შემდეგ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებული სპეკულაციები დასრულდება. 

 

დღის ამბები