29 ნოემბერი 2024,   00:06
ვრცლად
საქართველო COVID-19-ის სტატისტიკის მატების ბრძოლის კვალდაკვალ - Universal Health Coverage Partnership

Universal Health Coverage Partnership აქვეყნებს სტატიას COVID-19-ზე- "ისტორიები მოქმედების ადგილიდან: სპეციალური გამოშვება COVID-19-ზე რეაგირების შესახებ, სადაც მეცნიერებათა დოქტორი ირინა ქაროსანიძე კოვიდსტატისტიკის მატებასთან ბრძოლისა და პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების გზებზე საუბრობს.

ირინა ქაროსანიძესა და სხვა ლიდერების წყალობით სწრაფად შეიქმნა და გადაიხედა ახალი პროტოკოლები და მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა პირველადი ჯანდაცვის პროვაიდერების გადამზადება COVID-19-ის იოლი ფორმების დისტანციურ მართვაში.

სტატიაში ასევე  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ჯანდაცვის კუთხით მთავრობის პრიორიტეტებზე და COVID-19-ის გამოწვევებზეც საუბრობს. 

"საქართველო COVID-19-ის სტატისტიკის მატებასთან ბრძოლის კვალდაკვალ, საქართველო მომავლისკენ იყურება და საფუძველს უყრის პირველადი ჯანდაცვის ისეთ სისტემას, რომელიც ზურგს უმაგრებს პანდემიაზე პასუხს და, ამავე დროს, საზოგადოებისთვის უფრო ხელმისაწვდომს ხდის სამედიცინო მომსახურებას.

რა გზებით უზრუნველყოფს ეს ტრანსფორმაცია იმას, რომ არც ახლა და არც მომავალში უყურადღებოდ არავინ დარჩეს?

მეცნიერებათა დოქტორი ირინა ქაროსანიძე გახლავთ პირველადი ჯანდაცვის ექიმი, რომელიც დიდი ხანია მუშაობს ქვეყნის პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმაზე, რათა გაიზარდოს სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა და უკეთ იყოს დაკმაყოფილებული მოსახლეობის საჭიროებები. ბოლო პერიოდში იგი იმყოფება საქართველოს პირველადი ჯანდაცვის სისტემის ძირეული ტრანსფორმაციის წინა ხაზზე, რომელსაც, იმედია, ექნება გრძელვადიანი პოზიტიური გავლენა ყველა მოქალაქის ცხოვრებაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.

"აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ხალხს ჰქონდეს წვდომა სამედიცინო მომსახურებაზე - ჯანდაცვასთან დაკავშირებული რჩევების მიღებაზე იქ და მაშინ, როცა ეს მათ სჭირდებათ. პანდემიის პერიოდში ციფრული სამედიცინო მომსახურების მკვეთრი დაჩქარების გათვალისწინებით, ამის მიღწევა სახლის პირობებშიც იქნება შესაძლებელი," - აცხადებს ირინა, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან პირველადი ჯანდაცვის ადაპტირებაზე, რათა ამ უკანასკნელმა უპასუხოს პანდემიის მოთხოვნებს.

ირინას და სხვა ლიდერების წყალობით, სწრაფად შეიქმნა და გადაიხედა ახალი პროტოკოლები და მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა პირველადი ჯანდაცვის პროვაიდერების გადამზადება COVID-19-ის იოლი ფორმების დისტანციურ მართვაში. მათ ასევე შეისწავლეს დისტანციური მართვა COVID-19-ის მწვავე ფორმების გატანის შემდეგ საავადმყოფოდან გამოწერილ პაციენტებთან მიმართებაში.

პირველადი ჯანდაცვა მნიშვნელოვანი საქართველოსთვის?

COVID-19-ის პანდემიამდე სამინისტროს უკვე ჰქონდა მტკიცედ გადაწყვეტილი საქართველოში სამედიცინო მომსახურების მიწოდების ეფექტიანობის და საყოველთაო ჯანდაცვის დაფარვის არეალის გაზრდა პირველადი ჯანდაცვის სისტემის განმტკიცების და პრიორიტეტული მომსახურების ტიპების ინტეგრირების გზით. მოსახლეობის ჯანდაცვის მოთხოვნები დღითიდღე რთულდებოდა, რადგან იზრდებოდა არაგადამდები დაავადებების ტვირთი (დიაბეტი, გულისა და ფილტვების დაავადებები), რომლებიც წარმოადგენს საქართველოში სიკვდილიანობის 94%-ის (!) გამომწვევ მიზეზს (50 000-ზე მეტი წელიწადში). დადგა პირველადი ჯანდაცვის დონეზე რეფორმის აუცილებლობა, რათა მომხდარიყო გადასვლა ფრაგმენტირებული, დაავადებაზე კონცენტრირებული მიდგომიდან უფრო ყოვლისმომცველ, ინტეგრირებულ და ადამიანებზე ორიენტირებულ მიდგომაზე.

2019 წლის ნოემბერში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, UHC Partnership-ის მეშვეობით, განიხილა სამინისტროს პირველადი ჯანდაცვის რეფორმის გეგმები და გასცა რეკომენდაციები მომსახურების მასშტაბების გადასინჯვასთან დაკავშირებით, რათა მათში ასახულიყო უფრო პრევენციული, ადამიანებზე ორიენტირებული მომსახურების ტიპები; ასევე ექთნების პრაქტიკის მასშტაბების გაზრდასთან და პირველადი ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების როლის არსის ხელახლა გააზრებასთან დაკავშირებით. განხილვამ ცხადყო სამუშაოს შესრულების მონიტორინგის ნაკლებობა და წახალისების მონეტარული ფორმის გაუმართაობა, რაც ძირს უთხრიდა სისტემის პოტენციალს მთლიანობაში. გარდა ამისა, მედიკამენტებზე „ჯიბიდან გადახდილი“ თანხის დიდი მოცულობა არაპროპორციულად უარყოფით გავლენას ახდენდა მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებულ ფენებზე, რის გამოც იზრდებოდა სიღარიბის დონზე და ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები ზოგჯერ კატასტროფულ ნიშნულს აღწევდა.

2020 წლის დასაწყისში სამინისტრომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მიმართა თხოვნით ტექნიკური მხარდაჭერის მიწოდებასთან დაკავშირებით, რათა განხორციელებულიყო პირველადი ჯანდაცვის შეღავათების პაკეტისა და ანაზღაურების მოდელის გადასინჯვა, რაც ხელს შეუწყობდა მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრევენციისა და მკურნალობის მომსახურებაზე წვდომის გაზრდას და მხარს დაუჭერდა ჯანდაცვის პროგრამების ინტეგრირებას პირველადი ჯანდაცვის სისტემის განსამტკიცებლად. ამის შემდეგ კი დაიწყო COVID-19-ის პანდემია.

მართალია, საწყის ეტაპზე საქართველოში სახეზე იყო COVID-19-ის ინფექციის დაბალი მაჩვენებლები, 2020 წლის ბოლო კვარტალში სტატისტიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2021 წლის დასაწყისში ქვეყანა დგას მწვავე ეპიდემიის წინაშე, ხოლო პირველად ჯანდაცვას ამ სიტუაციაში წამყვანი როლი ენიჭება.

"პირველადი ჯანდაცვა წარმოადგენს მთავრობის პრიორიტეტს, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, - COVID-19 შეიცავს ბევრ გამოწვევას, თუმცა ის ახალ შესაძლებლობებსაც გვთავაზობს სოფლის ინფრასტრუქტურასა და ტელემედიცინის ​აღჭურვაში ინვესტიციების თვალსაზრისით, ასევე უკეთესი კომუნიკაციის გამართული სისტემების შექმნის კუთხით."

პირველად ჯანდაცვაზე ორიენტირებული მიდგომა ასევე წარმოადგენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობების და რისკების მართვის მნიშვნელოვან ქვაკუთხედს, ასევე საზოგადოების და მისი ამტანობის განმტკიცების საფუძველს. საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა ერთგულება პანდემიისთვის მზადყოფნის განმტკიცების და საზოგადოებრივი ჯანდაცვის წინაშე მდგარი რისკების დადგენისა და რეაგირების მიმართ.

შესაძლებლობების გაზრდა სტრატეგიებსა და პრაქტიკაზე გავლენის მოსახდენად:

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, UHC Partnership-ის მეშვეობით, მხარდაჭერა გაუწია ორგანიზაციებსა და კერძო პირებს საქართველოში, რათა მათ საკვანძო როლი შეასრულონ პირველადი ჯანდაცვის რეფორმებისა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სტრატეგიული მიმართულებების ჩამოყალიბებაში და განხორციელებაში.

"არსებითი მნიშვნელობა აქვს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერა მორგებული იყოს ქვეყნის საჭიროებებზე; რომ ამ მხარდაჭერამ სათანადოდ მოარგოს მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკა მოსახლეობის პირობებისა და საჭიროებების რეალურ სურათს. საქართველოში ეს მიიღწევა ადგილზე პარტნიორებთან აქტიური კონტაქტების/კომუნიკაციის გზით," - აცხადებს დოქტორი სილვიო დომენტე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში.

დოქტორი ირინა ქაროსანიძე გახლავთ ერთ-ერთი იმ ექსპერტთა შორის, ვისაც წვლილი შეაქვს ქვეყნის პირველადი ჯანდაცვის რეფორმაში. მომსახურებაზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდის ფონზე ქაროსანიძე და საოჯახო მედიცინის სასწავლო ცენტრი, რომელიც მან 2001 წელს დააარსა, წამყვან როლს ასრულებენ იმ გზების დადგენაში, რომლებითაც პირველად ჯანდაცვას შეუძლია COVID-19-ზე რეაგირება და, ამავე დროს, სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო მომსახურების ტიპების უწყვეტად მიწოდება. მათ ასევე შეაქვთ წვლილი შეძენილი გამოცდილების სახით, რომელიც გამოყენებული შეიძლება იყოს საქართველოში ჯანდაცვის გრძელვადიანი ტრანსფორმაციის წახალისების მხრივ. მართლაც, COVID-19-მა ყურადღება გაამახვილა პირველადი დახმარების მნიშვნელობაზე და შექმნა შესაძლებლობები მის გასაძლიერებლად და მასზე წვდომის გასაზრდელად ციფრული სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის უზრუნველყოფაზე დაჩქარების გზით.

საქართველო შედის იმ 115 ქვეყნის სიაში, რომელთაც UHC Partnership ეხმარება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერისა და ტექნიკური ცოდნის/გამოცდილების მიღებაში საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის გასაუმჯობესებლად. ხსენებულ პარტნიორობას აფინანსებენ ევროკავშირის, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო, Irish Aid, იაპონიის მთავრობა, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისი და ბელგია.

რატომ არის მნიშვნელოვანი პირველადი ჯანდაცვა COVID-19-ის დროს?

საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ამჟამად დგას ორმაგი გამოწვევის წინაშე: რეაგირება COVID-19-თან დაკავშირებული კრიზისის უშუალო საჭიროებებზე და სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო მომსახურების დაცვა და გაძლიერება. საყოველთაო ჯანდაცვის პრინციპების დაცვა ნიშნავს ყველასთვის ხარისხის უზრუნველყოფას და ყველაზე დაუცველი ფენების დაცვას. პირველადი ჯანდაცვა კი საყოველთაო ჯანდაცვის მდგრადი სისტემის ქვაკუთხედია.

"საქართველო სათანადო რეაგირება მოახდინა COVID-19-ზე, თუმცა პანდემიამ ხაზი გაუსვა პროგრესის დაჩქარების აუცილებლობას, რათა არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა. ძლიერი ჯანდაცვის სისტემები, პირველადი ჯანდაცვა და ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება წარმოადგენს საუკეთესო გზას საყოველთაო ჯანდაცვის მისაწოდებლად მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს სტრატეგიები დაეფუძნება სიმტკიცეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობის დროს და წვლილს შეიტანს ხალხისთვის აუცილებელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომსახურების მიწოდებაში," - 2020 წლის დეკემბერში საქართველოში ვიზიტის დროს განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს ჰენრი პ. კლუგემ.

ეფექტიანი პირველადი ჯანდაცვა წარმოადგენს ყველაზე ინკლუზიურ, ეფექტიან და ქმედით მიდგომას სამედიცინო ჯანმრთელობის უზრუნველყოფისა და ადამიანების ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის განმტკიცების მხრივ, თუმცა ასევე სახეზეა საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სისტემების განვითარებისა და გაფართოების მწვავე აუცილებლობა მაშინ, როცა ბევრ მოქალაქეს აქვს ჯანდაცვის მომსახურებით ფიზიკურად სარგებლობის შიში COVID-19-ის ინფექციის შესაძლო რისკების გამო.

ასე რომ, პირველადი ჯანდაცვის პრაქტიკოსები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რათა განახორციელონ ჯანდაცვის მუშაკების გადამზადება ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად და მოქალაქეთათვის ჯანდაცვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომსახურების დისტანციურად მისაწოდებლად.

"სატელეფონო ტრიაჟი და კონსულტაციების სისტემა იქცა ეფექტიან მექანიზმად, რათა ქრონიკულმა პაციენტებმა მომავალშიც ისარგებლონ მკურნალობით. დისტანციური კონსულტაციების უნარების გაუმჯობესებამ შედეგად მოიტანა ზედმეტი ფიზიკური ვიზიტების მნიშვნელოვანი კლება და პაციენტების კმაყოფილების ზრდა," - აცხადებს ირინა.

პირველადი ჯანდაცვის მომსახურების განახლებული გეგმა გულისხმობს დისტანციური და ციფრული მომსახურების ზრდას, რაც მიზნად ისახავს სოფლის მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას - შედეგად, არავინ დარჩება ყურადღების მიღმა.

COVID-19 ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ პირველად ჯანდაცვაზე დაფუძნებულ მიდგომებს (თემზე ორიენტირებული სტრატეგიების ჩათვლით) წვლილი შეაქვს ჯანდაცვის პრობლემებზე რეაგირების გაუმჯობესებაში. ხელისუფლებისადმი მტკიცე ნდობა კი ხელს უწყობს ამ სტრატეგიებისთვის მეტი მხარდაჭერის მოპოვებას. ამ ნდობის მოპოვება და შენარჩუნება კი მოითხოვს გამჭვირვალობას, ფაქტების გამოყენებას და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობას, განსაკუთრებით სამედიცინო მომსახურების მომხმარებელთა და პაციენტების ორგანიზაციათა შორის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ხელს უწყობს სტრატეგიას ორ ეტაპად, რომელიც კონცენტრირებულია საქართველოს მხარდაჭერაზე: 1) სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო მომსახურების შენარჩუნების მხრივ; 2)  UHC Partnership-ის მხრიდან ძლიერი მხარდაჭერის კუთხით, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ჯანდაცვის სისტემების აღდგენის, მზადყოფნის და გაძლიერების წახალისება, რა პროცესშიც ყურადღება გამახვილებულია პირველად და საყოველთაო ჯანდაცვაზე.

"ხარისხიანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა გლობალურად მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. ევროკავშირი ამაყობს, რომ აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ამ საკითხთან დაკავშირებით მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობა მსოფლიოს 115 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. პანდემიის დროს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა კონცენტრირებულია ტრენინგზე და განახლებული COVID-19 პროცედურების მომზადებაზე, ასევე მნიშვნელოვან მატერიალურ დახმარებაზე ქვეყნისთვის ევროკავშირის მხრიდან ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში გაწეული მხარდაჭერის ფარგლებში," - აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი.

COVID-19-მა დიდი ზიანი მიაყენა ჯანდაცვის სისტემებს, დააზარალა საზოგადოება და ეკონომიკა და დღესაც უბიძგებს ქვეყნებს, ძალ-ღონე არ დაიშურონ ყველასთვის ჯანდაცვის უზრუნველსაყოფად. საქართველო სარგებლობს ამ შესაძლებლობით პირველადი ჯანდაცვის მომსახურების შეღავათების პაკეტის გასაფართოებლად, პირველადი ჯანდაცვის ჯგუფების შესაძლებლობების განსამტკიცებლად, ჯანდაცვის კოორდინირების გასაუმჯობესებლად და დიაგნოსტიკური და სპეციალიზებული მომსახურების ოპტიმალურად გამოყენების უზრუნველსაყოფად. ქვეყანა მიზნად ისახავს ყველა მოქალაქისთვის აუცილებელი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას, რათა არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა. აუცილებელია რეგიონების ინფრასტრუქტურაში, ტელემედიცინის აღჭურვილობასა და კომუნიკაციის გაუმჯობესებულ სისტემებში ინვესტირება, რათა გავწვდეთ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ამჟამად არ სარგებლობს პირველადი ჯანდაცვის მომსახურებით. თემზე ორიენტირებული ძლიერი სტრატეგიები და პაციენტებისა და ორგანიზაციების ჩართულობა გაზრდის ნდობას და ხელმისაწვდომი მომსახურებით სარგებლობის დონეს. საქართველოს შემთხვევაში, სწორედ ეს არის ის არსებითად მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლებიც აუცილებელია პანდემიის დასამარცხებლად და ნამდვილი საყოველთაო ჯანდაცვის მისაღწევად," - ნათქვამია გამოქვეყნებულ სტატიაში

დღის ამბები