28 ნოემბერი 2024,   23:49
ვრცლად
ვიმედოვნებთ ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ძალისხმევას არ დაიშურებს ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად - ომბუდსმენი

სახალხო დამცველი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძისთვის უკანონო თავისუფლების აღკვეთის ფაქტს ეხმურება.

ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, დაკავების მომენტიდან საქართველოს სახალხო დამცველი ჩართულია საქმის მიმდინარეობის პროცესში და მუდმივი კომუნიკაცია აქვს დაკავებულის ოჯახის წევრებთან და შესაბამის სახელმწიფო ორგანიზაციებთან.

"ზაზა გახელაძისთვის უკანონო თავისუფლების აღკვეთა ნათლად წარმოაჩენს, რომ საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ უფრო დაამძიმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა დაკავებების უკანონო პრაქტიკა. წინა წლებისგან განსხვავებით, როდესაც უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენით და შესაბამისი ჯარიმის დაკისრებით შემოიფარგლებოდა, ბოლო პერიოდში გახშირდა გრძელვადიანი უკანონო პატიმრობის შემთხვევები. ამის აშკარა მაგალითია ვაჟა გაფრინდაშვილის, გენადი ბესტაევის, ირაკლი ბებუას და ხვიჩა მღებრიშვილის შემთხვევები.

საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული მსგავსი უკანონო ქმედებები უხეშად არღვევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებებსა და თავისუფლებებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაშვების აუცილებლობას.

ზაზა გახელაძის პატიმრობაში დატოვება, განსაკუთრებით უკანონოა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 2020 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების ფონზე, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ეფექტურ კონტროლს საქართველოს განუყოფელ რეგიონებზე - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და სწორედ რუსეთს დააკისრა პასუხისმგებლობა ადგილზე ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების გამო. ამასთანავე, ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლის მიხედვით, არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელია დე ფაქტო ხელისუფლებები.

საერთაშორისო თანამეგობრობამ სათანადოდ შეაფასა საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული მორიგი უკანონო ქმედებები. კერძოდ, ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, ნორვეგიის ელჩმა და აშშ-ს საელჩომ.

შესაბამისად, სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ შექმნილ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლება, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, ძალისხმევას არ დაიშურებს ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობიდან უმოკლეს ვადებში გათავისუფლების უზრუნველსაყოფად," - ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს, ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს. გუშინ საოკუპაციო რეჟიმმა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.

 

დღის ამბები