29 ნოემბერი 2024,   00:06
ვრცლად
უარი პროცესების რადიკალიზებას და თანხმობა მანდატებს - ევროპარლამენტარების რიტორიკას პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლაზე ოპოზიციიდან "გირჩი" იზიარებს

ქართული პოლიტიკური სპექტრის მიმართ ევროპარლამენტარების ერთობლივი მიმართვის შემდეგ, ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე ვიოლა ფონ კრამონმა "რუსთავი 2"-თან მიცემულ ინტერვიუშიც ისაუბრა. ევროპარლამენტარი ფიქრობს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გარკვეულ დარღვევებს ადგილი ჰქონდა, თუმცა ამას საბოლოო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია. შესაბამისად, ფონ კრამონი ოპოზიციურ პარტიებს საკანონმდებლო საქმიანობის დაწყებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. ევროპელი პოლიტიკოსის აზრით, მნიშვნელოვანია ოპოზიციაც და ხელისუფლებაც პროცესების რადიკალიზებას მოერიდონ.

კრამონის განცხადებას დღეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ევროპელი პარტნიორების მოსაზრებების მიუხედავად, არჩევნები მოსახლეობის ნებას არ ასახავდა. საკანონმდებლო საქმიანობის დაწყების ერთადერთი მიზეზი კი შესაძლოა ვადამდელი არჩევნების შუალედური თარიღი გახდეს. 

კოლეგებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს "გირჩს". პოლიტიკურ პლატფორმაში ამბობენ, რომ ევროპარლამენტარების რიტორიკას სრულად იზიარებენ. "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის თქმით, პოლიტიკური ჩიხი "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ არის წახალისებული. 

ვიოლა ფონ კრამონისა და მისი კოლეგების განცხადებების შინაარსს იზიარებენ "ქართულ ოცნებაში." მმართველი პარტიის წევრები ფიქრობენ, რომ ოპოზიციის პარლამენტში შესაყვანად მათ ყველა შესაძლო გზას მიმართეს.

ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად პარლამენტის 54 არჩეული დეპუტატი საქმიანობას კვლავ ბოიკოტის რეჟიმში განაგრძობს.

დღის ამბები