29 ნოემბერი 2024,   00:06
ვრცლად
თეატრალიზებული "სოცაფეთქება" პარლამენტთან - რეგულაციების გამო დაზარალებულები საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებენ

პროტესტი თეატრალიზებული ფორმით - ერთ წლიანი პაუზის შემდეგ ანიმატორებმა სამუშაო ფორმა დღეს პირველად, შეზღუდვების გასაპროტესტებლად ჩაიცვეს. მათი მთავარი მოთხოვნა COVID-19-ის გამო დაწესებული რეგულაციების გაუქმება და მუშაობის უფლებაა.

ანიმატორების გარდა, რუსთაველის გამზირზე დღეს ფიტნეს დარბაზების თანამშრომლები, ტუროპერატორები, რესტორატორები და მუსიკოსებიც მივიდნენ. პროტესტი საკანონმდებლო ორგანოსთან 4 საათს გაგრძელდა. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ შეზღუდვების გამო შემოსავლის მთავარი წყარო დაკარგეს, სახელმწიფოსგან კი საკმარის დახმარებას ვერ იღებენ.

ანიმატორების გარდა დღეს საკუთრ სამსახურებს რამდენიმე საათით სხვა პროფესიის წარმომადგენლებიც დაუბრუნდნენ - გიდებმა საფეხმავლო ტური მოაწყვეს, ასევე გაიყიდა სუვენირები და შესრულდა მუსიკალური ნომრები.

კიდევ ერთი მოთხოვნა, რომელიც აქციაზე დღეს დააყენეს საკოორდინაციო საბჭოს პარლამენტში გადატანაა. ასევე, გაირკვა, რომ რეგულაციების გამო დაზარალებულები საკონსტიტუციო სარჩელსაც ამზადებენ - მოთხოვნა დაწესებული რეგულაციების არაკონსტიტუციურად ცნობაა.

სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს დღეს სოლიდარობა პოლიტიკოსებმაც გამოუცხადეს. ისინი სრულ პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებენ.

აქციას არ ჩაუვლია დაპირისპირების გარეშე. ერთ-ერთი მონაწილე აგრესიული შეძახილების გამო სამართალდამცველებმა ტერიტორიას გაარიდეს.

თუ მთავრობა აქციის მონაწილეების მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, რუსთაველზე შეკრებილები პროტესტის გაგრძელებას აპირებენ.

დღის ამბები