28 ნოემბერი 2024,   23:51
ვრცლად
აშშ საიმიგრაციო პოლიტიკას ცვლის - 11 მილიონ არალეგალ ემიგრანტს დროებითი ლეგალური სტატუსის მოპოვება შეეძლება

სავარაუდოდ ამერიკაში საიმიგრაციო პოლიტიკა იცვლება - ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპის მიერ გაცემულ განკარგულებებს აუქმებს. ბაიდენს სურს იმ მიგრანტების ოჯახები გააერთიანოს, რომლებიც საზღვრის უკანონო გადაკვეთისას დააკავეს.

ტრამპის ადმინისტრაციის დროს, ასეთ შემთხვევებში მშობლებს შვილებთან აშორებდნენ. ოჯახებში დაბრუნებას ამ დროისთვის, 700-მდე ბავშვი ელოდება.

ბაიდენის სხვა განკარგულებები მიგრანტებისათვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებასა და მიგრაციის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრას ეხება.

ნიუ-იორკში ქართველ საიმიგრაციო ადვოკატთა კომპანიის თანამშრომელი ეკა პეტრიაშვილი განმარტავს კიდევ რა იცვლება ამ მიმართულებით.

"ამ კანონპროექტის საფუძველზე 11 მილიონ არალეგალ ემიგრანტს მიეცემა საშუალება მოიპოვოს დროებითი ლეგალური სტატუსი. ხოლო 5 წლის შემდეგ, ის ემიგრანტები, რომლებიც იქნებიან გადასახადის გადამხდელები, არ ექნებათ კრიმინალური წარსული, შეძლებენ მიიღონ მწვანე ბარათი.

მწვანე ბარათის მიღებიდან 3 წლის შემდეგ, კონკრეტული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეძლებენ გახდნენ აშშ-ს მოქალაქეები. თუმცა ეს პირობები გავრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც ამერიკის ტერიტორიაზე შემოვიდნენ 2021 წლის პირველ იანვრამდე. 

ეს არის პრეზიდენტ ბაიდენის მხოლოდ წინადადება და ეს კანონი ძალაში არ შესულა, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ მალე და აუცილებლად შევა ძალაში," - განაცხადა ეკა პეტრიაშვილმა.

"კურიერთან" საუბრისას აშშ-ში მცხოვრები მარიამ შენგელია აცხადებს, რომ თუ საემიგრაციო პოლიტიკა შეიცვლება, ეს უფრო გაუმარტივებს ემიგრანტებს აშშ-ში ჩასვლას.

"ტრამპის ადმინისტრაცია მიზანმიმართულად, განსაკუთრებულად ერჩოდა ემიგრაციას და მის შემცირებას ცდილობდა ყველანაირი გზით. 

ჩემი აზრით, ყველა ემიგრანტისთვის და მათთვის, ვისაც აქ ჩამოსვლა უნდა უფრო გაადვილდება ეს პროცესი. დიდი იმედი გვაქვს, რომ რაღაცეები შეიცვლება და უფრო გამარტივდება," - აღნიშნა "კურიერთან" საუბრისას აშშ-ში მცხოვრებმა მარიამ შენგელიამ.

დღის ამბები