28 ნოემბერი 2024,   23:39
ვრცლად
ოპოზიციის მხრიდან წუწუნი, რომ ბიულეტენების გადათვლა ახლა გვიანია, მათი მხრიდან თავის დაძვრენის მცდელობაა - ნიკოლოზ სამხარაძე

საარჩევნო კომისიის 11 ათასი წევრის ხელმოწერა გაყალბებულია თუ ვინმემ მოისყიდა? - ამ კითხვაზე პასუხს მმართველი გუნდი ოპოზიციისგან ელოდება.

ფრაქცია "ქართული ოცნების" ლიდერმა დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა და ოპონენტებს მიმართა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, თუ მათი მოწინააღმდეგეები საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარს აცხადებენ, მაშინ ოპონენტებს არჩევნების გაყალბების დასამტკიცებლად უფრო მეტად დამაჯერებელი არგუმენტების წარმოდგენა მოუწევთ.

მმართველ გუნდში ასევე უკვირთ თუ რატომ არ სურთ ოპონენტებს იმის გამოძიება, რომელშიც თავად ბრალმდებლის როლში არიან. 

"ჩვენ გვესმის მათი მხრიდან, რომ ახლა უკვე დაგვიანებულია და თითქოს ყველაფერი გადასწორებულია, რაც რა თქმა უნდა, არ არის გულწრფელი პასუხი, ვინაიდან იქვე მეორე წინადადებაში ამბობენ, რომ როდესაც თავად მოვლენ ხელისუფლებაში, 2020 წლის არჩევნებს გამოიძიებენ. ოპოზიციის 11 500 კომისიის წევრი იყო ამ არჩევნებზე და ყველას ხელი აქვს მოწერილი იმ ოქმებზე, რომელსაც დღეს გადაჯღაბნილს უწოდებენ. გაგვცენ პასუხი, სად არის ეს 11 500 ადამიანი. ამ სამი თვის განმავლობაში ერთი ადამიანი მაინც როგორ ვერ გამოიძებნა, რომ გამოსულიყო და ეთქვა, რომ დააშინეს და მაგიტომ მოაწერა ხელი ოქმს," - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ შალვა პაპუაშვილმა.

უმრავლესობაში განმარტავენ, რომ მათ ოპოზიციას არჩევნებიდან მალევე შესთავაზეს ბიულეტენების ხელახლა გადათვლა. ოპოზიციის არგუმენტი, რომ ახლა გადათვლა დაგვიანებულია, ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, თავის დაძვრენის მცდელობას წარმოადგენს. 

"თუ ოპოზიციას იმის თავი არ აქვს, რომ 11 500 ადამიანი ჰყავდეს სანდო, რომელსაც გაუშვებს კომისიაში სამუშაოდ, მაშინ რა პრეტენზია აქვთ იმაზე, რომ ქვეყანა მართონ. შეთავაზება ბიულეტენების გადათვლაზე გაკეთდა არჩევნებიდან ერთი კვირის შემდეგ. შესაბამისად, ამაზე წუწუნი, რომ ახლა გვიან არის, თავის დაძვრენის მცდელობაა," - აღნიშნავს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.

 

დღის ამბები