თბილისის საქალაქო სასამართლოში საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან აქციებზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს. გუშინ რამდენიმე ლოკაციაზე მოძრაობა "შეცვალეს" და "სტრატეგია აღმაშენებელის" აქტივისტები დააკავეს. 7 პირის საქმეზე 2 საათიანი შესვენება იყო გამოცხადებული.
სამართალდამცავები ბრალდებულებს პოლიციის დაუმორჩლებლობისა და წვრილმან ხულიგნობის ედავებიან. სასამართლოს შენობასთან იმყოფებიან დაკავებულების ნათესავები და მხარდამჭერები
"არ გვაქვს მოლოდინი, რომ კანონიერი და სამართლიანი სასამართლო იქნება. იქნება მითითებები მოსამართლეზე, რომ ყველა დაკავებულის მიმართ მკაცრი ღონისძიებები იქნას გამოყენებული, ვეცდებით ეს ადამიანები გავამართლოთ, რადგან მათ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ,"- აცხადებს ადვოკატი ერეკლე გაბუნია.
"ისინი არიან უკანონოდ დაკავებულები. გუშინ საზოგადოებამ ძალიან კარგად ნახა, რომ ეს ადამიანები იყვნენ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, გარეთ უნდა იყვნენ და არ უნდა დააკანონოს სასამართლომ ის უკანონობა, რაც პოლიციის ოფიცრებმა ჩაიდინეს გუშინ,"- აცხადებს ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე.
"მართლაც უკანონოდ დაკავებული პირები არიან, რადგან მშვიდობიან აქციას ატარებდნენ და აპროტესტებდნენ დღევანდელ მდგომარეობას. სამართლიანი სასამართლოს პრინციპი აღარ არსებობს ქვეყანაში და ბევრს არაფერს მოველით პროცესისგან, არ გვჯერა, რომ იქნებიან გამართლებულები და მოგვიწევს ალბათ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა მათი გამართლებისთვის,"- აცხადებს ადვოკატი თამილა ქუთათელაძე.