29 ნოემბერი 2024,   10:53
ვრცლად
“ჩვენ ვაგრძელებთ სვლას ევროკავშირისკენ, ოღონდ არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ შანტაჟით ელაპარაკოს ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს ხალხს“ - საპროტესტო აქციებს მმართველი გუნდში ეხმაურებიან

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროცესს მმართველი გუნდი ეხმიანება.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ვლადიმერ ბოჟაძის განცხადებით, შეკრებილებს გასაპროტესტებელი რეალურად არაფერი აქვთ, რადგან საქართველო აგრძელებს სვლას ევროკავშირისკენ.

“ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. ბუნებრივია, ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის თავისუფლება და ყველას აქვს აქციაზე შეკრების თავისუფლება.

არც ოპოზიციას, არც სამოქალაქო სექტორის იმ ნაწილს, ვინც არის “ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით და არც ტელევიზიების იმ ნაწილს, რომლებიც ერთიან პოლიტიკურ დღის წესრიგს ქმნიან, ქვეყანაში ქაოსის და არეულობის შემოტანის არანაირი რესურსი არ გააჩნიათ.

მათი ნებაა რას და როგორ გააპროტესტებენ, თუმცა გასაპროტესტებელი არაფერია, რადგან რეალურად ქართულმა სახელმწიფომ, ქართველი ხალხის სახელით დააფიქსირა მყარი პოზიცია, რომ ჩვენ ვაგრძელებთ სვლას ევროკავშირისკენ, ოღონდ არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ შანტაჟით ელაპარაკოს ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს ხალხს“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსი, ვახტანგ ჩოჩია თვლის, რომ ხელოვნური მუხტის შემოტანა საქართველოს ფარგლებს გარედან დაიგეგმა.

“ვხედავთ, რომ მიმდინარეობს აქციები, რომელსაც აქვს დაორგანიზებული სახე. რამდენიმე ქალაქში ერთდროულად დაიწყეს “აქციები“. ახლა ხელოვნურად ცდილობენ, რომ ეს მუხტი შემოიტანონ, ვინაიდან გარედან აქვთ ეს დავალება, რომ როგორმე ეს პროცესი შეაჩერონ, როგორმე არალეგიტიმურად გამოაცხადონ 2024 წლის არჩევნები, მიაღწიონ თავიანთ საწადელს და რევოლუციური სცენარები განავითარონ ქვეყანაში“, - განაცხადა ვახტანგ ჩოჩიამ.

დღის ამბები