29 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
რა ვითარებაა ამ წუთებში დედაქალაქის მთავარ გამზირზე

დედაქალაქის მთავარ გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. აქცია დასრულებულია. თუმცა, ადგილზე რჩებიან დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები.

“თბილს სერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა, სავალი ნაწილი უკვე დაასუფთავეს და ისინი უკვე გადავიდნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაზე. ამჟამად, ისინი პარლამენტის შენობაზე დატანილ წარწერებს ასუფთავებენ.

ცნობისთვის, საპროტესტო აქცია პრემიერ-მინისტრის გუშინდელ ბრიფინგს მოჰყვა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ საქართველო ევროკავშირში მოლაპარაკების გახსნას ამ ეტაპზე დღის წესრიგში აღარ დააყენებს და მზად არის დამოუკიდებლად შეასრულოს ვალდებულებები, რომლებიც ასოცირების შეთანხმებით აიღო.

ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მოქალაქეები, გუშინ საღამოს, “ქართული ოცნების“ ოფისთან შეიკრიბნენ.

მოგვიანებით, აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმართულებით დაიძრნენ. რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს არაერთხელ მიმართეს ოპოზიციის ლიდერებმა და მათ სახალხო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდეს.

დღის ამბები