
ბალტიისპირეთის ქვეყნების ორმაგი სტანდარტი - ასე აფასებს მმართველი გუნდი სკანდალს, რომელიც "ეარბალტიკის" სანქცირების წესის დარღვევას უკავშირდება.
ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ამ საკითხში პრობლემას ვერ ხედავენ.
"ლატვიას აქვს ყოველთვის პრინციპული პოზიციები და არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ახლო მეგობარი და პარტნიორი. თუ ვინმე არღვევდა სანქციებს, მათ გაეცემოდათ პასუხი, რადგანაც ევროპული კავშირი გამართული და კანონის უზენაესობაზე დამყარებულია. ამიტომ, არანაირ პრობლემას მე მანდ არ ვხედავ," - აცხადებს "ძლიერი საქართველოს” საერთაშორისო მდივანი გრიგოლ გეგელია.
პარტიის ”გახარია საქართველოსთვის” წევრი ტატა ხვედელიანი კი აცხადებს, რომ "ოცნების" ხელისუფლებისგან დემოკრატიული ქვეყნების ამგვარი კრიტიკა მიუღებელია:
"სრულიად მიუღებელია "ოცნების" ხელისუფლების მხრიდან რაიმე სახით სხვა დემოკრატიული ქვეყნებისადმი ამგვარი კრიტიკა. ლატვია არის ქვეყანა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია. სანქციებსაც მისდევს და ყველაფერს აკეთებს,"- აღნიშნავს ტატა ხვედელიანი.
ცნობისთვის, ლატვიის ეროვნული ავიაკომპანია, 2022 წლიდან 2024წლის მარტამდე, რუსული კომპანიის "ტატ ნეფტ" ავიასერვისისგან თვითმფრინავებისთვის საწვავს ყიდულობდა და ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არღვევდა.
საგამოძიებო მასალას "ვერსტკა" ავრცელებს. სტატიის მიხედვით, ავიაკომპანიას ამ პერიოდის განმავლობაში შესყიდვის 28 მცდელობა ჰქონდა, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა ცამეტჯერ. ავიახაზების ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციით, კომპანიის 97 პროცენტზე მეტს თავად ლატვიის მთავრობა ფლობს.