
ანტინარკოტიკულ რეფორმას დროულად და საჭიროდ მიიჩნევენ სასულიერო პირები. დღეს ბრიფინგი გამართეს თბილისის ორი ეკლესიის მღვდელმსახურებმა. მათი განცხადებით, აუცილებელია კანონის გამკაცრება ნარკოტიკების გამავრცელებლების მიმართ და საჭიროა, რომ სახელმწიფო პოლიტიკა ნარკოტიკების წინააღმდეგ უფრო ხისტი გახდეს.
დეკანოზი დავით ნოზაძე: "კარგი იქნება, რომ გამკაცრდეს ეს, მაგრამ თუ როგორ და რანაირად - კანონმდებლობის ფუნქციაა, მათ უნდა მიიღონ ეს კანონები, მაგრამ გამკაცრება აუცილებელია. ახლა რაც არის, ფაქტობრივად, ასე ერი იღუპება. რაც შეეხება ნარკოტიკების გამავრცელებლებს, მათ მიმართ საერთოდ განსაკუთრებული სიმკაცრე უნდა იყოს."
დეკანოზი დავით ლასურაშვილი: "თუკი ადამიანს საკანონმდებლო დონეზე აქვს მოწოდებული, რომ დაისჯება ამ ქმედების გამო და ის მაინც ჩადის ამ დანაშაულს, არა მხოლოდ მოიხმარს, არამედ ავრცელებს და ასაღებს, - როდესაც ჩვენ მოვხსნით და დეკრიმინალიზაციას, ლიბერალიზაციას მოვახდენთ ამის, ის უფრო შეიკავებს თავს ნარკოტიკებისგან? თუ ნაკლებად შეიკავებს და აღარ შეიკავებს?! საჭიროა, რომ ეს საკითხი მოქცეული იყოს გარკვეული საკანონმდებლო წნეხის ქვეშ."
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში ანტინარკოტიკული რეფორმის განხილვა დაიწყება. კანონპროექტი, პირველი მოსმენით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე გადის. ცვლილებების მიხედვით, სასჯელი მკაცრდება ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის. იმ შემთხვევაში, თუ პირს დაუდასტურდება ნარკოტიკის მოხმარება ან ის თავს აარიდებს შემოწმებას, მას სამი წლით მანქანის მართვის უფლება ჩამოერთმევა. ასევე, მას არ ექნება საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობის უფლება.