
ნარკოპოლიტიკის გამკაცრება პოლიტიკური შეფასებების თემაა. ოპოზიცია წარმოდგენილ ნორმებს არ ეთანხმება. კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი, თამაზ დათუნაშვილი ამბობს, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მომხმარებლების დასჯა მოხმარებისთვის.
"უნდა ვებრძოლოთ და შეუპოვრები ვიყოთ ნარკორეალიზატორებთან, ოღონდ, ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში საღი თვალით და არა პოლიტიკური მიზნებით უნდა შევეხოთ ამ პრობლემას, სწორად უნდა განვსაზღვროთ ის დოზები, რომელიც ექვემდებარება რეალიზაციის მუხლს; ის დოზები, რაც მომხმარებლებს შეიძლება თან ჰქონდეთ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მომხმარებლების დასჯა მოხმარებისთვის," - აცხადებს თამაზ დათუნაშვილი.
კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრი, ნუგზარ წიკლაური კი მიიჩნევს, რომ, ნარკომანიასთან საბრძოლველად, საჭიროა კომპლექსური მიდგომა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს აღიქმება პოლიტიკური ნიშნით შერჩეულ ნაბიჯად.
"მაშინ, როდესაც არ არის სარეაბილიტაციო ცენტრებზე საუბარი, როცა არ საუბრობენ ნარკომანიის წინააღმდეგ გადადგმულ კომპლექსურ ნაბიჯებზე, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შერჩეული ნაბიჯი. მხოლოდ დასჯით ეს პრობლემა არ გვარდება, თორემ გვქონია ძალიან მკაცრი კანონმდებლობა ამ მიმართულებით, მაგრამ ამან არ გამოიწვია ნარკომანიის დონის ისეთი კლება, რომელიც ჩვენთვის ყველასთვის იქნებოდა კარგი," - აცხადებს ნუგზარ წიკლაური.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში ანტინარკოტიკული რეფორმის განხილვა დაიწყება. კანონპროექტი, პირველი მოსმენით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე გადის. ცვლილებების მიხედვით, სასჯელი მკაცრდება ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის. იმ შემთხვევაში, თუ პირს დაუდასტურდება ნარკოტიკის მოხმარება ან ის თავს აარიდებს შემოწმებას, მას სამი წლით მანქანის მართვის უფლება ჩამოერთმევა. ასევე, მას არ ექნება საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობის უფლება.