
"ეს არის ის ხალხი, რომელსაც დავალებული აქვს, რომ რაც არ უნდა კარგი მოხდეს საქართველოში, მაინც უარყოფითი კუთხით შეხედონ. როგორ შეიძლება, არ დადგეს მთელი ქვეყანა ერთად, როდესაც ნარკოტიკების გასაღებასთან გვაქვს საქმე?!" - ეს განცხადება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ოპოზიციის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც ანტინარკოტიკული კანონების გამკაცრებას აკრიტიკებს.
მისივე თქმით, კანონი მკაცრდება ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ, ხოლო მომხმარებლების მიმართ, უბრალოდ, წესრიგდება გარკვეული ასპექტები.
"გასაღების ნებისმიერი მცდელობა იქნება მკაცრად აღკვეთილი საქართველოში. ვინც ამის წინააღმდეგია, ის არის საქართველოს მომავლის წინააღმდეგი. ამიტომ, ჩვენ ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ.
რაც შეეხება მომხმარებლებს - მომხმარებლებთან დაკავშირებით არაფერი ისეთი არ მკაცრდება, არამედ წესრიგდება - ისინი გარკვეულ უფლებებში შეზღუდულები იქნებიან. როგორ, ვინმე არის წინააღმდეგი, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი სკოლაში არ მივიდეს?! ვინმე არის წინააღმდეგი იმისა, რომ სატრანსპორტო საშუალებებს ნარკოტიკის მომხმარებელი არ მართავდეს? ვითომ იმით ამართლებენ, რომ იცით რა, სარეაბილიტაციო ცენტრები უნდა შეიქმნასო - რა თქმა უნდა, უნდა შეიქმნას, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უფრო მეტი თანხები უნდა გამოჰყოფია, მაგრამ ეს იმის საპირწონეა, რომ ნარკოტიკების გასაღებაზე სასჯელები არ გავამკაცროთ? რა თქმა უნდა, არა", - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში ანტინარკოტიკული რეფორმის განხილვა დაიწყება. კანონპროექტი პირველი მოსმენით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე გადის. ცვლილებების მიხედვით, სასჯელი მკაცრდება ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის. იმ შემთხვევაში, თუ პირს დაუდასტურდება ნარკოტიკის მოხმარება ან ის თავს აარიდებს შემოწმებას, მას სამი წლით მანქანის მართვის უფლება ჩამოერთმევა. ასევე, მას არ ექნება საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობის უფლება.