
შევა თუ არა ჩიხში სამშვიდობო მოლაპარაკება, - კრემლში დაგეგმილ მოლაპარაკებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არცერთ მხარეს არ დაუდასტურებია, მედია ვარაუდობს, რომ შეხვედრა ჩაიშალა.
ბოლო ინფორმაციით, სტივ უიტკოფმა მოსკოვი უკვე დატოვა. რუსული მედიის ცნობით, ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი მოსკოვში გუშინ ჩავიდა და მან რუსეთის დედაქალაქში ზუსტად 13 საათი და 50 წუთი გაატარა.
უნდა შემდგარიყო შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან, რაც თავად რუსეთის პრეზიდენტმაც დაადასტურა. მან პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მას შემდეგ, რაც ლუკაშენკოს გააცილებდა, პუტინი გეგმავდა შეხვედრა სტივ უიტკოფთან, თუმცა, ასევე რუსული მედიის ინფორმაციით, შეხვედრა არ შედგა და უიტკოფმა მოსკოვი გვიან ღამით დატოვა.
პუტინის პოზიციები გარკვეულწილად გამოიკვეთა - პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მომხრეა გრძელვადიანი მშვიდობისა და ცეცხლის შეწყვეტის, თუმცა არ ემხრობა დროებით ზავსა და 30 დღის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტას.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამერიკის 47-ე პრეზიდენტი ძალიან გაბრაზებულია. CBS-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსეთისთვის, გაზისა და საბანკო სექტორის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცროს.