14 მარტი 2025,   16:25
ვრცლად
ლატვიის ეროვნული ავიაკომპანია ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არღვევდა - მედია

"ეარბალტიკს" სანქცირების წესის დარღვევაში ამხელენ. ლატვიის ეროვნული ავიაკომპანია 2022 წლიდან 2024 წლის მარტამდე რუსული კომპანიის "ტატ ნეფტ ავიასერვისისგან" თვითმფრინავებისთვის საწვავს ყიდულობდა და ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არღვევდა. ინფორმაციას გამოცემა "ვერსტკა" ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების საფუძველზე ავრცელებს.

სტატიის მიხედვით, ავიაკომპანიას, ამ პერიოდის განმავლობაში, შესყიდვის 28 მცდელობა ჰქონდა. ცამეტჯერ შესყიდვა წარმატებული აღმოჩნდა.

ავიაკომპანიამ სულ სანქცირებული კომპანიებისგან 3100 ტონა საავიაციო საწვავი შეიძინა, მისი ჯამური ღირებულება კი 206 მილიონ რუბლზე მეტია.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსული ნავთობი ჯერ მესამე ქვეყანაში გადიოდა, ხოლო იქიდან უკვე airBaltic-ს ის ლატვიაში შეჰქონდა.

თავად ავიაკომპანიაში ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ და ამბობენ, რომ ისინი რუსეთთან უკრაინაში შეჭრის შემდეგ აღარ თანამშრომლობენ. რუსეთთან თანამშრომლობას გამორიცხავს ლატვიის ტრანსპორტის სამინისტროც, რომელიც ავიაკომპანიის მთავარი აქციონერია.

ფაქტით აღშფოთებულია ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ტომას ჰენდრიკ ილვესი.

"ლატვიის მთავრობა airBaltic-ის 97,97% ფლობს. ევროკავშირის ხელმძღვანელობა ასე აღასრულებს სანქციებს?", - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

ავიახაზების ოფიციალურ ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიის 97%-ზე მეტს თავად ლატვიის მთავრობა ფლობს.

დღის ამბები