თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, იმ მასშტაბის ინვესტიცია, რომლის განხორციელებასაც დეველოპერული კომპანია "ემაარ ჯგუფი" საქართველოში გეგმავს, ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში ერთ კონკრეტულ პროექტში არასდროს ყოფილა.
დედაქალაქის მერმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტი დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ შეაფასა.
"ორი დღის წინ დასრულდა პრემიერ-მინისტრის ოფიციალური, ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, რომლის ფარგლებში, გვქონდა სხვადასხვა ტიპის შეხვედრები. შეხვედრა გაიმართა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთა, იყო ბიზნესშეხვედრებიც. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა ჩვენი ქვეყნისთვის და ორმხრივი თანამშრომლობისთვის ძალიან მნიშვნელოვან მემორანდუმს, რომელიც ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა - საქართველოში შემოდის მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი დეველოპერული კომპანია "ემაარ ჯგუფი" (Emaar Group), რომელიც მუშაობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ის პროექტებს თბილისსა და აჭარაში განახორციელებს. მაგალითად, დუბაიში, აბუ დაბიში ყველა ძირითადი შენობა, ცათამბჯენები აღნიშნული კომპანიის განხორციელებული პროექტია", - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული კომპანია საქართველოში, დაახლოებით, 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის უცხოურ ინვესტიციას განხორციელებს სხვადასხვა დეველოპერულ პროექტში.
"ინვესტიციები განხორციელდება თბილისსა და აჭარაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ასევე, იმით, რომ შეიქმნება მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები. აღნიშნული პროექტების განხორციელებაში ჩართული იქნებიან ქართული კომპანიები. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ამ მასშტაბის და ამხელა ინვესტიცია ერთ კონკრეტულად პროექტში არასდროს განხორციელებულა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, ისე, როგორც დედაქალაქის მერს", - განაცხადა კახა კალაძემ.