ესპანეთში, მადრიდში მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი გასტრო კონგრესი Madrid Fusión 2025 მიმდინარეობს. საერთაშორისო კონგრესზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაა წარდგენილი. ღონისძიებას ესწრება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე. კონგრესზე წარმოდგენილია ღვინის ეროვნული სააგენტო, რომელიც სტუმრებისთვის პრეზენტაციას ატარებს.
გასტრო კონგრესზე საქართველოს 4 შეფ-მზარეული: გურამ ბაღდოშვილი, დავით ნარიმანიშვილი, დადუნა ღლონტი და ირაკლი თოდაძე წარადგნენ. გასრტო კონგრესზე წარმოდგენილია მადრიდში მდებარე ქართული რესტორანი ნუნუკა. ქართული რესტორნის წარმომადგენელი, შეფ-მზარეული დავით ნარიმანაშვილი და ცნობილი ქართველი შეფ-მზარეულები მულტიფუქციურ სცენაზე მასტერკლასებს ატარებენ. შეფ-მზარეულები კონგრესის მონაწილეებს, კულინარიის საერთაშოროსისო ექსპერტებს ქართულ სამზარეულოს, მრავალფეროვან კერძებსა და ქართულ გასტრონომიულ ტრადიციებს აცნობენ.
"უკვე მეორე წელია საქართველო მონაწილეობს გასტრონომიულ ფესტივალზე მადრიდში. გასტრონომიის ინდუსტრიაში Madrid Fusion მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პლატფორმაა, სადაც საქართველოს წარმომადგენლების ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე წელია ჩვენ საქართველოს გასტრონომიის და ტურისტული პოტენციალის პრომოციას ვეწევით. ქართველ ცნობილ შეფ-მზარეულებთან ერთად წარვადგენთ ჩვენს ქვეყანას. გურამ ბაღდოშვილი, დავით ნარიმანიშვილი და დადუნა ღლონტი წარმოაჩენენ წელს საქართველოს. მთავარი სტენდი ძალიან კარგ ადგილასაა, გვაქვს სხვადასხვა აქტივობა. ღვინის ეროვნული სააგენტო წარმოდგენილია ღვინის ეროვნული სტენდით, სტუმრებისთვის ღვინის დეგუსტაცია იმართება და ისინი ქართული ღვინის 8000 წლოვან უწყვეტ ტრადიციას ეცნობიან", - აცხადებს მაია ომიაძე.
გასტრო კონგრესზე საქართველოს 4 შეფ-მზარეული: გურამ ბაღდოშვილი, დავით ნარიმანიშვილი, დადუნა ღლონტი და ირაკლი თოდაძე წარადგნენ. გასრტო კონგრესზე წარმოდგენილია მადრიდში მდებარე ქართული რესტორანი ნუნუკა.
გურამ ბაღდოშვილი: "მადლობას ვუხდი ყველა ორგანიზატორს, რომ Madrid Fusión -ზე გვაძლევენ საშუალებას ვიდგეთ ასეთ მნიშვნელოვან სცენაზე. ეს არ არის ჩვეულებრივი კონგრესი, ეს მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი გასტრონომიული, ტურისტული კონგრესია. ჩვენ გვაქვს უნიკალური მომზადების წესები, მიუხედავად იმისა, რომ ვითომ აზიური იერსახე აქვს, ტექნოლოგიურად ევროპულია. წარვადგინეთ ფხალეული, ამ კერძებში საერთოდ არ ვიყენებთ ცხიმს. აქ ბუნებრივად, ნიგვზიდან შეძენილი ცხიმია, მომზადებისას საერთოდ არ ვიყენებთ ზეთოვან პროდუქტებს. ვფიქრობ აუცილებელია მონაწილეობა მივიღოთ ამ კონგრესში და ვაკეთოთ ჩვენი საქმე".
დავით ნარიმანიშვილი: "შარშანაც ბევრი ქართული კერძი წარმოვადგინეთ, წელს გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ და ქართული ლუკმა დავარქვით, რომელიც ხარჩოს ბაზაზეა აგებული საქონლის ხორცით. ქართული ლუკმა ასახავს ქართულ გემოს. კერძები მოვამზადეთ ყველის ნაწარმითაც, მაგალითად გებჟალია, მოვამზადეთ სხვადასხვა ფორმით, მაწვნით და ა.შ. რა თქმა უნდა მოვამზადეთ ხინკალი, სხვადასხვა გულსართით. მგონი ყველა ვთანხმდებით, რომ ხინკალი ყოველთვის უნდა იყოს, რადგან ავთენტური, კარგად ასახსნელია და ვამაყობთ ამ კერძით".
დადუნა ღლონტი: "ასეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოს პოპულარიზაციისთვის. რაც უფრო მეტი ადამიანი აღმოაჩენს ჩვენს გემოებს და რაც უფრო მეტი ადამიანი გვეწვევა აქ და გასინჯავს ჩვენს წარმოებულ პროდუქტებს, კიდევ უფრო წინ წავალთ. გასტრონომიულ ღონისძიებებზე, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ტარდება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოვჩნდეთ და საქართველომ თავისი ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიო გასტრონომიულ რუკაზე".
ალექსანდრე ჭკუასელი: "უკვე მეორე წელია საქართველო მონაწილეობს Madrid Fusion-ის კონგრესში. წელს ოთხი ქართველი შეფ-მზარეულია ამ ღონისძიებაზე წარმოდგენილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ გაიმართება ქართული მასტერკლასები, მოეწყობა ქართული ღვინის დეგუსტაცია. აღნიშნული ფაქტი მეტყველებს და ხაზს უსვამს, რომ ქართულ კულინარიას აქვს ძალიან დიდი მომავალი,რომელიც ხელს უწყობს საქართველოს პოპულარიზაციას".
საერთაშორისო კონგრესზე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრები და კულინარიის სფეროს წარმომადგენლები ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან. საქართველოს სტენდზე ინტეგრირებული Show Kitchen მოეწყო.
3 დღის განმავლობაში, დღეში ორჯერ, მსოფლიოში ყველაზე გავლენიან გასტრო კონგრესზე ქართული კერძების მასტერკლასი და ღვინის დეგუსტაცია იმართება.
"ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო, რადგან ბევრი არ ვიცოდი ქართული კულტურის შესახებ. დღეს აღმოვაჩინე ახალი საქართველო, ქართული ღვინო. თქვენი წითელი ღვინო ძალიან ჰგავს ესპანურს. ძალიან მომეწონა ქართული ყველი, ხორცით მომზადებული კერძები. ქართული სამზარეულო ჩემთვის სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა", - ამბობს გასტრო კონგრესის მონაწილე ბეატრი.
"ვფიქრობ, Madrid Fusión-ზე საქართველოს მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბევრმა არ იცის ქართული სამზარეულოსა და ღვინის შესახებ, რომელიც განსხვავებული გემოებით გამოირჩევა. ძალიან მომეწონა ხინკალი. ვფიქრობ ეს საქართველოს ძალიან კარგი წარდგენაა ამ ღონისძიებაზე, სამზარეულოს ჩვენება ყოველთვის კარგი აზრია, რომ გაიცნო ქვეყანა", - ამბობს გასტრო კონგრესის მონაწილე ალფრედო პარფონი.
გასტრო კონგრესი Madrid Fusión 22 წელია იმართება, კონგრესს მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნიდან 25 ათასზე მეტი სტუმარი ჰყავს. საერთაშორისო კულინარიულ ღონისძიებაში 1800-ზე მეტი პროფესიონალი მონაწილეობს, სპიკერების რაოდენობა კი 180-ს აჭარბებს.