ავსტრალიაში, მელბურნის აეროპორტში, ავიაკომპანია Etihad-ის თვითმფრინავს აფრენის დროს ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, შემთხვევის დროს თვითმფრინავის ბორტზე 300-მდე მგზავრი იმყოფებოდა.
Etihad Airways-ის რეისი EY461-ი მელბურნიდან აბუ დაბიში მიემართებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი შასის განყოფილებაში გაჩნდა, რის გამოც პილოტებმა აფრენა შეწყვიტეს და თვითმფრინავი ავარიულად გააჩერეს.
შემთხვევის შემდეგ, ბორტზე მყოფი 289 მგზავრი აეროპორტში დააბრუნეს.
ავიაკომპანიის ინფორმაციით, თვითმფრინავს საბურავები აქვს დაზიანებული, რის გამოც მისი ასაფრენი ბილიკიდან გაყვანა ვერ მოხერხდა. ის ამ დრომდე შემთხვევის ადგილზეა და ტექნიკური ჯგუფები თვითმფრინავის შეკეთებას ცდილობენ.
ხანძარმა მელბურნის აეროპორტის მუშაობის შეფერხება გამოიწვია.