თელ-ავივში ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი ამჯერადაც ისრაელის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ გამოვიდნენ და ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობისგან ღაზაში ომის დასრულებას ითხოვდნენ, მოუწოდებდნენ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლებისკენ.
დემონსტრანტებს შორის იყო თავდაცვის ყოფილი მინისტრი იოავ გალანტი, რომელმაც ქნესეთის პარლამენტი მიმდინარე კვირას დატოვა. იქამდე, თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ნეთანიაჰუმ გაათავისუფლა. მიზეზი ღაზაში "ჰამასის" წინააღმდეგ ომის წარმართვასთან დაკავშირებული უთანხმოება იყო.
"ყოველ შაბათს საღამოს მოვდივართ აქციაზე, მამაჩემი ისევ იქაა, 456 დღეა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მოლაპარაკებებზე დელეგაცია გარკვეულ შეთანხმებას მიაღწევს და ყველა ახლობელს ვიხილავთ. ასევე გვჯერა, რომ ამ მოლაპარაკებებს არავინ დააბრკოლებს და შეთანხმებამდე მივალთ", - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
"ვფიქრობ, რომ მძევლების დაბრუნება ისრაელის მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი მისიაა. მე ვიცი ყველა სხვა მიზნები და მიღწევები ჩვენი უსაფრთხოების კამპანიის სხვადასხვა სფეროში, მაგრამ მათი სახლში დაბრუნება ყველაზე მნიშვნელოვანია. დიდი იმედი მაქვს, რომ პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ ამას გააკეთებს", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.