სარაკეტო თავდასხმა და შეტევა უპილოტო საფრენი აპარატებით – რუსეთი უკრაინაში ომს განაგრძობს. ბოლო 24 საათში აგრესორმა შეტევა პოკროვსკის, კურახოვისა და ვრემივკაზე მიიტანა. მხოლოდ ამ სამ ლოკაციაზე გასულ ღამეს 90 შეტევა განხორციელდა. უკრაინაში ომის დასრულების შესახებ საუბრობს ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტი.
გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად რუსეთის პრეზიდენტმა უარი განაცხადა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შთავაზებაზე გადაიდოს უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი - რუსეთის მხრიდან ომის შეჩერების სანაცვლოდ.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, 2024 წლის ნოემბერში, ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტის, დონალ ტრამპის გუნდის წინადადებაზე, რომელიც ომის დამთავრების სანაცვლოდ, მინიმუმ 10 წლით შეაფერხებდა უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, მკვეთრი უარი განაცხადა.
26 დეკემბერს, ტრამპის გუნდის, ნოემბრის დასაწყისში შეთავაზებული, უკრაინის ნატოში გაწევრიანების 10-დან 20 წლამდე გადადების საკითხთან დაკავშირებით, ჟურნალისტის ინიციატივით პუტინმა გააკეთა კომენტარი. მან თქვა, რომ მნიშვნელობა არ აქვს უკრაინა ნატოში დღეს გაწევრიანდება, ხვალ თუ 10 წელიწადში. 2025 წელს რომ უკრაინაში ომი არ დასრულდება, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტიც საუბრობს. მეტიც, პეტერბურგში გამართული ევრაზიის ეკონომიკური კავშირის არაფორმალური შეხვედრის პრესკონფერენციაზე კრემლის ლიდერმა იმ შეიარაღებაზე ისაუბრა, რომლითაც ვლადიმერ პუტინი მომდევნო წელს უკრაინაზე თავდასხმის გაგრძელებას გეგმავს. მათ შორის არის საშუალო სიშორის უახლესი ბალისტიკური რაკეტა "ორეშნიკზეც", ოკუპანტი სახელმწიფოს პრეზიდენტის თქმით, ამ ეტაპზე რუსეთი ამ და სხვა იარაღებს აქტიურად აწარმოებს, რომელსაც საჭიროებისამებრ გამოიყენებს.
ოფიციალური კიევი კი ისევ ამერიკის მხრიდან შეიარაღების მიწოდების გაზრდის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. უკრაინის პრეზიდენტის თქმით აუცილებელია შეერთებულმა შტატებმა იარაღის მიწოდება გაზარდოს, რათა უკრაინამ რუსული აგრესიისგან თავის დაცვა შეძლოს. ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანაში იმ ადამიანების დაბრუნება, რომლებმაც უკრაინა ომის გამო დატოვეს.
უკრაინაში ომი უკვე 1037 დღეა მიმდინარეობს. აგრესორი სახელმწიფოს მხრიდან მასშტაბური შეტევა უკრაინის რეგიონებზე ისევ მიმდინარეობს.