პრემიერ-მინისტრი ბიზნეს სექტორის იმ წარმომადგენლებს აკრიტიკებს, რომლებიც ხელისუფლებას ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევაში ადანაშაულებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ კომპანიების დიდი ნაწილისთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია. პრემიერის თქმით, ამ ფონზე მათი მხრიდან ხელისუფლების კრიტიკა მიუღებელია.
"თავისუფალი ბიზნესის" პლატფორმის დამფუძნებელი ამბობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე, საექსპორტო და საიმპორტო ბაზარზე საუბარი მეორეხარისხოვანია. გიორგი ჩუგოშვილის თქმით, ხელისუფლება პრობლემური თემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანას მიზანმიმართულად ცდილობს.
საპარლამენტო უმრავლესობა კი იმ კონკრეტულ კომპანიებსაც ასახელებს, რომლებსაც რუსეთთან ბიზნესურთიერთობა აკავშირებს. ნინო წილოსანი "თბილღვინოზე" საუბრობს და მის მფლობელს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს. კურიერმა გიორგი მარგველაშვილთან დაკავშირება არაერთგზის სცადა, თუმცა მან "რუსთავი 2-ის" სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
მოგვიანებით "თბილღვინომ" საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე ვრცელი განცხადება გაავრცელა.
პეტიციის ხელმომწერ კომპანიებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა პარლამენტის თავმჯდომარემაც. პირველი კანონმდებელი აქცენტს საკვები პროდუქტის დისტრიბუტორ კომპანია "ლორგოსზე" აკეთებს და ამბობს, რომ ბიზნესს პროდუქციის 97 პროცენტი რუსეთიდან შემოაქვს, 2024 წელს კი კომპანიამ რუსეთთან 15 მილიონი ლარი ივაჭრა. პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში კომპანიის თანადამფუძნებლის ადრე გაკეთებულ კომენტარსაც აქვეყნებს.
ბიზნესის წარმომადგენლების პოზიციას, რომლებიც ნაწილობრივ რუსულ ბაზარზე ოპერირებენ, იცავს ოპოზიცია. ამბობენ, რომ მთავარია, კომპანიების დიდი ნაწილი მიმდინარე პროტესტს მხარს უჭერს.
როგორც "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, პრობლემა არა რუსეთთან ვაჭრობაში, არამედ კომპანიების მხრიდან პოლიტიკურ სპეკულაციებში და ორმაგ სტანდარტშია.
28 ნოემბრის შემდეგ, საპროტესტო აქციებს, კომპანიების ნაწილი შეუერთდა. ბიზნესის წარმომადგენლები დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლებასა და ახალ არჩევნებს ითხოვენ.