28 დეკემბერი 2024,   16:31
ვრცლად
ახალი პრეზიდენტი საქმიანობას ერთ დღეში დაიწყებს - ახალი წესით არჩეული მე-6 პრეზიდენტი ფიცს პარლამენტში, საინაუგურაციო კონსტიტუციით დადებს

სპეციალურად 29 დეკემბრისთვის საინაუგურაციო კონსტიტუცია უკვე დაიბეჭდა, ფიცს საქართველოს მეექვსე პრეზიდენტი სწორედ კონსტიტუციის ამ რედაქციაზე დადებს. პარლამენტში, ზვიად გამსახურდიას სახელობის სხდომათა დარბაზში, იქ, სადაც ქვეყნის მთავარსარდლის ინაუგურაცია ისტორიაში პირველად ტარდება, სამზადისის ბოლო დეტალებს აზუსტებენ. ყველაფერი მზად 29 დეკემბერს, დილის 11 საათზე იქნება, არჩეული პრეზიდენტი ფიცს სწორედ ამ დროს, კოლეგიის წევრების და სხვა სტუმრების თანდასწრებით დადებს.

პარლამენტის პარალელურად, ემზადებიან ათონელის რეზიდენციაშიც, საუბარია სალომე ზურაბშვილზე. მოქმედი პრეზიდენტი წინასწარ საკუთარ გეგმაზე არ საუბრობს, ამბობს მხოლოდ იმას, რომ მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტის პოსტზე ლეგიტიმაცია არ აქვს და საქმიანობას ამ თანამდებობაზე 29 დეკემბრის შემდეგ ისევ თავად განაგრძობს.

პრემიერ-მინისტრი მოქმედ პრეზიდენტს კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედებისკენ მოუწოდებს. ირაკლი კობახიძემ დღეს თქვა, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი ათონელის სასახლეს არ დატოვებს - მეხუთე პრეზიდენტს პასუხისმგებლობის აღება მოუწევს.

პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება მუქარად აღიქვა ოპოზიციამ. ხელისუფლების ოპონენტებმა 29 დეკემბრის გეგმა ჯერ არ იციან, ამბობენ, რომ პროცესი სალომე ზურაბიშვილმა თავად უნდა განსაზღვროს. ოპოზიცია მზად არის მოქმედ პრეზიდენტს მხარი ნებისმიერ შემთხვევაში დაუჭიროს.

სახელისუფლებო გუნდში იმედს გამოთქვამენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციას პროცედურების შესაბამისად დატოვებს და დამატებით პრობლემებს არ შექმნის. წინააღმდეგ შემთხვევაში, მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ სახელმწიფო კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

ინაუგურაციას საკანონმდებლო ორგანოში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, კონსიტუციური ორგანოებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები დაესწრებიან, ღონისძიება დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდება.

დღის ამბები