29 დეკემბერი 2024,   07:15
ვრცლად
შალვა გოგოლაძე ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ შალვა გოგოლაძემ ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტთან, ანტონიო კონფლიტისთან, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ატილა ადამფისსა და ევროპის ფედერაციის წარმომადგენელ ალექსანდრუ პადურესთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა 2026 წელს ბათუმში გასამართ ევროპის ჩემპიონატსა და ტურნირის საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ევროპისა და საერთაშორისო ფედერაციებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და საქართველოში ძალოსნობის განვითარების ხელშეწყობასაც.

სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი. შეხვედრაზე შალვა გოგოლაძემ აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა, 2026 წლის ევროპის ჩემპიონატს მაღალ დონეზე უმასპინძლოს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ძალოსნობის ფედერაციის გამგეობის გადაწყვეტილებით, 2026 წელს ბათუმი ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ბათუმში ევროპის ჩემპიონატი მეორედ ჩატარდება. პირველად ჩემპიონატი 2019 წელს გაიმართა. ღონისძიებამ ევროპის ფედერაციის უმაღლესი შეფასება მიიღო და მას მომავლის ჩემპიონატიც კი უწოდეს. 2026 წლის ჩემპიონატის მიმდინარეობისას აჭარას ეწვევა ათასზე მეტი სტუმარი - როგორც სპორტული, ისე საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები და გულშემატკივრები. კონტინენტის პირველობა 160 ქვეყანაში პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

დღის ამბები