ათონელის რეზიდენციაში დღეს, სავარაუდოდ, პრეზიდენტისა და ოპოზიციის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება. კონსულტაციების თემა უცვლელია - ეს არის ახალი არჩევნები და სალომე ზურაბიშვილის გეგმა 29 დეკემბრის შემდეგ.
როგორ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები - ბარიერგადალახულ პარტიებს შორის პოზიციები განსხვავებულია. "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე მის გუშინდელ განცხადებაზე კიდევ ერთხელ საუბრობს. დოლიძემ გუშინდელი კონსულტაციების შემდეგ განაცხადა, რომ მზად არიან ფიზიკური მხარდაჭერა გამოუცხადონ სალომე ზურაბიშვილს და 29 დეკემბრის შემდეგაც დარჩნენ ორბელიანების სასახლეში.
"ჩემი აზრი იყო, თუ პრეზიდენტი გადაწყვეტდა, რომ მნიშვნელოვანი არის ამ ეტაპზე ის დარჩეს ორბელიანების სასახლეში, ფიზიკურად სასახლეში დავრჩებოდით მასთან ერთად და ამით დავუჭერდით მხარს. პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დაველოდებით. ამ ნაბიჯის მიზანშეწონილობა მან უკეთ იცის და, შესაბამისად, დავუჭერთ მხარს. ამ კრიზისის, ამ ქაოსის დალაგების ერთადერთი საშუალება სამართლებრივად არის ახალი არჩევნები. პრეზიდენტს ამის უფლება თავისუფლად აქვს. მან დღეს უნდა გამოიყენოს ბერკეტები რომ ვითარება განმუხტოს", - აღნიშნა "ძლიერი საქართველო" წევრმა ანა დოლიძემ.
რაც შეეხება გიორგი გახარიას გუნდის წევრებს, მათი შეფასებით, არ ეთანხმებიან ხისტს ქმედებებს.
"აბსოლუტურად ვემიჯნებით ყველა გადაწყვეტილებას თუ ქმედებას, რომელიც შესაძლოა რადიკალური სცენარი აღმოჩნდეს. გვარამია იქნება თუ არ ვიცი კიდევ ვინ, რასაც არ უნდა ამბობდნენ, კონსტიტუცია ითვალისწინებს პრეზიდენტის მხრიდან პარლამენტის დათხოვნის კონკრეტულ უფლებამოსილებას და ამას დამატება, მავნებლობა არ სჭირდება.
ქალბატონ სალომეს ჩვენი მხარდაჭერა ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ ახლა კონკრეტულად საბჭოზე, რომელზეც მისი პოზიცია არ მოგვისმენია და თუ, ვთქვათ, მხოლოდ პარტიული, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ინტერესები არის, ეს ჩვენთვის საინტერესო არ არის," - განაცხადა "გახარია საქართველოსთვის" წევრმა, ანა ბუჩუკურმა.