27 დეკემბერი 2024,   17:00
ვრცლად
ირაკლი კობახიძე - ალენ ბერსე პირველი ევროპელია, რომელმაც გვითხრა, რომ „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით მზად არის დისკუსიისთვის, თუ დაგვისაბუთებენ, რა არ მოსწონთ, ღია ვართ დისკუსიისთვის, ეს არის კანონი რევოლუციური გამჭვირვალობის შესახებ

ალენ ბერსე პირველი ევროპელია, რომელმაც გვითხრა, რომ მზად არის დაჯდეს დისკუსიისთვის „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით, მანამდე იყო ცალმხრივი, უხეში განცხადებები ყოველგვარი დისკუსიის გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მანამდე იყო ცალმხრივი, უხეში განცხადებები ყოველგვარი დისკუსიის გარეშე და ხელისუფლებამ არაერთხელ გააკეთა შეთავაზება დისკუსიასთან დაკავშირებით, თუმცა უარი მიიღო.

"ასეთ დროს შეუძლებელია, არ დაეთანხმო პარტნიორს და ალენ ბერსეს მაშინვე დავუდასტურეთ ჩვენი მზაობა, რომ ვიმსჯელოთ ამ კანონთან დაკავშირებით. თუ გვეტყვიან, რომ რაღაც არ მოსწონთ, დაგვისაბუთებენ, რა არ მოსწონთ ამ ყველაფერში და ა.შ. როგორც მაშინ ვიყავით ღია დისკუსიისთვის, ახლაც ღია ვართ დისკუსიისთვის, ასევე ცვლილებისთვის, თუ დაგვისაბუთებენ, რომ კანონში რაღაც არის ისეთი, რაც  შეიძლება, იყოს პრობლემური. ამ კანონს რაც შეეხება, ეს არის კანონი NGO-ების გამჭვირვალობის შესახებ და სინამდვილეში, უფრო სწორი და ზუსტი სათაური რომ დავარქვათ, არაიურიდიული სათაური, ეს არის კანონი რევოლუციური გამჭვირვალობის შესახებ. ჩვენ NGO-ების ხელით რამდენჯერმე მოგვიწყვეს რევოლუციის მცდელობა ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ვამბობთ მარტივ რამეს, კი არ ვუპირისპირდებით ამ კანონით რევოლუციებს, ეს არ არის კანონი რევოლუციის წინააღმდეგ, ეს არის კანონი მხოლოდ და მხოლოდ რევოლუციის გამჭვირვალობის შესახებ. კი ბატონო, სცადე რევოლუციის მოწყობა, მაგრამ კეთილი ინებეთ და სცადეთ ეს ყველაფერი გამჭვირვალედ. ხალხმა იცოდეს, ვისი ფულით გამოჰყავთ ისინი შეკრებებზე. ახლაც NGO-ები აფინანსებდნენ კონკრეტული მასალებით უზრუნველყოფას, მათ შორის მოძალადეების, ხომ უნდა იცოდეს ხალხმა, ვინ აკეთებს ამას? მერე შეიძლება, აღარ მივიდეს შეკრებაზე, თუ დაინახა, რომ უცხოური ფულით ხდება ასეთი აქტივობების დაფინანსება, ამიტომ რევოლუციის გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები