28 დეკემბერი 2024,   01:17
ვრცლად
"ყველა პარტიამ, ერთის გარდა, აიღო ის დაფინანსება, რომელიც არჩევნებში აღებული ხმების პროპორციულად ეკუთვნოდა - ესაა აღიარება, რომ ფაქტობრივ მოცემულობას თვალს უსწორებენ" - ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებას პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით აფასებენ პოლიტიკურ სპექტრში. "ნაციონალურ მოძრაობაში" და "ლელოში" აცხადებენ, რომ დაფინანსება ლეგიტიმურია და მიღებული თანხები ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდება.

ოპონენტების გადაწყვეტილებას უმრავლესობაში არჩევნების შედეგების მორიგ აღიარებად აფასებენ. უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პოლიტიკური ბრძოლისა და პიარის ელემენტია, როდესაც ოპოზიციაში ამბობენ, რომ არ აღიარებენ არჩევნებს, თუმცა არჩევნების შედეგების შესაბამისად თანხას იღებენ და იყენებენ.

"ყველა პარტიამ, ერთი პარტიის გარდა, აიღო ის დაფინანსება, რომელიც მათ არჩევნებში ხმების პროპორციულად ეკუთვნოდა. რა თქმა უნდა, ამით იმის აღიარებაა, რომ ისინი ფაქტობრივ მოცემულობას თვალს უსწორებენ. დანარჩენი პოლიტიკური ბრძოლისა და პიარის ელემენტია, როდესაც ისინი ამბობენ, რომ არ აღიარებენ არჩევნებს და არჩევნებიდან გამომდინარე შედეგებს. ეს თანხაც სწორედ არჩევნებიდან გამომდინარე შედეგია, რომლითაც ისინი, რა თქმა უნდა, სარგებლობენ", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსებას 6 პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს, მათ შორის არის ბარიერგადალახული სამი ოპოზიციური პარტია - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"; "გახარია საქართველოსთვის" და "ლელო საქართველოსთვის".

დაფინანსებაზე ური მხოლოდ პარტიამ "კოალიცია ცვლილებისთვის" განაცხადა.

დღის ამბები