29 დეკემბრიდან ქვეყანას ახალი პრეზიდენტი ეყოლება, სალომე ზურაბიშვილს კი მოუწევს, დაემორჩილოს კონსტიტუციას და არ მიმართოს პროვოკაციულ ქმედებებს - ამბობენ მმართველ გუნდში.
უმრავლესობაში ზურაბიშვილსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ ახსენებენ, რომ აუცილებელი დაემორჩილონ კანონს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო იმოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად.
უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, 29 დეკემბრის შემდგომ სალომე ზურაბიშვილს არანაირი ლეგიტიმაცია არ ექნება და ის ვალდებული იქნება, ყველა ბენეფიტი და უპირატესობა, რომელიც პრეზიდენტის სტატუსიდან გამომდინარე ჰქონდა, დათმოს.
"სრულიად აბსურდშია გადავარდნილი რადიკალური ოპოზიცია, როგორც სამართლებრივად, ისე - პოლიტიკური თვალსაზრისით. ფსკერს ქვემოთ არის დაშვებული ყველაფერი, რასაც ეს ხალხი ფიქრობს და ცდილობს, რომ გააკეთოს. რეალურად, სამართლებრივად, არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნია ზურაბიშვილს 29 დეკემბრის შემდგომ და ის ვალდებული იქნება, ყველა ბენეფიტი და უპირატესობა, რომელიც პრეზიდენტის სტატუსიდან გამომდინარე ჰქონდა, დათმოს", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.