“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა 7-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, რომელთა შორისაა "ნაციონალური მოძრაობა”, "კოალიცია ცვლილებისთვის", "გახარია საქართველოსთვის" და “ლელო საქართველოსთვის".
გვარამიას განცხადებით, “ქოცების შეთხზულ-გაყალბებულ” ციფრებზე დაყრდნობით გამოყოფილი დაფინანსების მიღებაზე თანხმობა განაცხადეს იმ პარტიებმა, რომლებიც ხალხს და ბიზნესს გაფიცვისკენ მოუწოდებდნენ და სხვებს ამუნათებდნენ.
“ხალხი გაიფიცოს და სამსახურში არ იაროსო, ბიზნესი გაიფიცოს და გადასახადები არ გადაიხადოსო, ქარხნები დაიხურონ და პროდუქცია არ გამოუშვანო - აი ეს იძახეს, სხვები ამუნათეს და ბოლოს თვითონ ქოცების შეთხზულ-გაყალბებულ ციფრებზე დამყნობილ დაფინანსებაზე უარი არ თქვეს.
აი, მესმის.” - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
ცესკოს ცნობით, არჩევნების შედეგების საფუძველზე, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა 7-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა", "გახარია საქართველოსთვის", "ლელო საქართველოსთვის", "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი," "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი".
დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა მხოლოდ პარტიამ "კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროამ".