სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლასა და მის აქცენტებს სწორსა და დროულს უწოდებს ოპოზიცია. "ერთობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, პაატა მანგალაძის შეფასებით, პრეზიდენტის გამოსვლა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ზუსტად ასახავდა.
"ზუსტად ასახავდა იმ რეალობას, რომელიც საქართველოშია. მთავარი საკითხი არის ადამიანების დევნა სიტყვის, აზრის გამოხატვისთვის.
ერთი რამ უნდა ვიცოდეთ ყველამ, "ქართული ოცნება" არ არის ხელისუფლება, "ქართული ოცნება" არის ძალა, რომელმაც მიიტაცა ქართველი ხალხის ძალაუფლება", - განაცხადა პაატა მანგალაძემ.
"გახარია საქართველოსთვის" წევრის, თეონა აქუბარდიას შეფასებით კი, სალომე ზურაბიშვილი ქართველი ხალხის ინტერესს წარმოადგენს.
"პრეზიდენტი, ისევე, როგორც ქართველი ხალხი, ერთად იცავს ქვეყნის გაცხადებულ საგარეო და საშინაო კურსს, ევროპულ მომავალს. პრეზიდენტი ზურაბიშვილი წარმოადგენს ქართველი ხალხის იმ ინტერესს, რომელსაც ჰქვია საქართველოს დემოკრატიისა და ევროპული მომავლის დაცვა", - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა ევროპარლამენტში დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა. ევროპელი კანონმდებლების წინაშე, მან საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. განაცხადა, რომ ქვეყნის წინაშე ახლა გადამწყვეტი მომენტი დგას. ზურაბიშვილმა აქცენტი გააკეთა თბილისში მიმდინარე აქციებზე და მთავარ მოთხოვნებზე.