"გამოსვლის მთავარი მიზანი იყო, რომ რამდენიმე ასეული ევროპარლამენტარი წამომდგარიყო, ფეხზე დგომით ტაში დაეკრა სალომე ზურაბიშვილისთვის", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, "ვერ შეძლეს ევროპარლამენტარების მობილიზება. მხოლოდ რამდენიმე ათეული ევროპარლამენტარი ესწრებოდა ამ პერფორმანსს".
"რა ილაპარაკა, რას იმავნებლებს სალომე ზურაბიშვილი და როგორ "მოიქნევს კუდს" ის, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. როგორც გუშინ წინასწარვე გითხარით და ეს აღმოჩნდა უტყუარი ინფორმაცია, ამ გამოსვლის მთავარი მიზანი იყო, რომ რამდენიმე ასეული ევროპარლამენტარი წამომდგარიყო, ფეხზე დგომით ტაში დაეკრა სალომე ზურაბიშვილისთვის, როგორც ახლად გამოჩეკილი ლიდერისათვის ქართული აგენტურული ოპოზიციის. ასეც მოხდა, ერთი განსხვავებით, რომ მათ ვერ შეძლეს ევროპარლამენტარების მობილიზება. მხოლოდ რამდენიმე ათეული ევროპარლამენტარი ესწრებოდა ამ პერფორმანსს და იღებდა ამაში მონაწილეობას", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა ევროპარლამენტში დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა. ევროპელი კანონმდებლების წინაშე, მან საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. განაცხადა, რომ ქვეყნის წინაშე ახლა გადამწყვეტი მომენტი დგას. ზურაბიშვილმა აქცენტი გააკეთა თბილისში მიმდინარე აქციებზე და მთავარ მოთხოვნებზე.