18 დეკემბერი 2024,   08:55
ვრცლად
საქართველოზე გამართული დებატების შემდეგ ევროპარლამენტარები ხვალ სტრასბურგში უკვე სალომე ზურაბიშვილს ელოდებიან - ოფიციალური მიწვევა სალომე ზურაბიშვილმა რობერტა მეცოლასგან მიიღო

სალომე ზურაბიშვილს სტრასბურგში ელოდებიან. ის ხვალ ევროპარლამენტის სხდომას დაესწრება, სიტყვით გამოვა და შეხვედრებს გამართავს.

ოფიციალური მიწვევა სალომე ზურაბიშვილმა რობერტა მეცოლასგან მიიღო. დილით ოფიციალური ტექსტიც გამოქვეყნდა, სადაც ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ეწერა, რომ მეცოლამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მომავალ სესიაზე სიტყვით გამოსვლისთვის მიიწვია.

ზურაბიშვილის სტრასბურგში ვიზიტს მმართველი გუნდის შეფასებით, არანაირი ეფექტი არ
ექნება.

ზურაბიშვილის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტმა ვებგვერდზე დღის მეორე ნახევარში ჩაასწორა და მიუთითა, რომ რობერტა მეცოლამ სტრასბურგში სალომე ზურაბიშვილი არა როგორც ყოფილი, არამედ როგორც მოქმედი პრეზიდენტი მიიწვია. ზურაბიშვილის სტრასბურგში ვიზიტი ოპოზიციური პარტიებისთვის იმის დასტურია, რომ ევროპარლამენტი საქართველოში ლეგიტიმურად მხოლოდ მას მიიჩნევს.

ხელისუფლებისთვის ზურაბიშვილის ლეგიტიმაცია 29 დეკემბერს სრულდება, მაშინ, როდესაც საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება. უფლებამოსილების შეწყვეტამდე რამდენიმე დღით ადრე კი ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამგზავრება მთავრობის მეთაურისთვის მარტივ პერფორმანსს ჰგავს, რომელსაც ირაკლი კობახიძის შეფასებით, საქართველოში მოვლენების განვითარებაზე გავლენა ვერ ექნება.

მიწვევა ევროპარლამენტის პრეზიდენტისგან ზურაბიშვილმა გუშინ მიიღო. კურიერის ინფორმაციით, ის სტრასბურგში უკვე გაემგზავრა.

 

 

 

დღის ამბები