18 დეკემბერი 2024,   19:08
ვრცლად
"ევროპის საბჭოს მდივნის მცდელობა, რომ მოუსმინოს ყველა მხარეს, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველო ევროპული ოჯახისათვის" - ეკა სეფაშვილი

"ევროპის საბჭოს მდივანი ძალიან მონდომებული იყო იმისთვის, რომ ყველა მხარის პოზიცია მოესმინა და, ჩემი აზრით, ეს ძალიან დადებითი მოვლენაა ჩვენი ბოლო პერიოდის ისტორიაში", - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა განაცხადა, რითაც ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბერსეს თბილისში ვიზიტს გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ევროპის საბჭოს მდივნის მცდელობა, რომ ყველა მხარეს მოუსმინოს და ობიექტური ინფორმაცია მიიღოს, მისასალმებელია.

"დაწვრილებით განვიხილეთ ის პროტესტი და დემონსტრაციები, რომლის შესახებაც ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ აქტიური აზრთა გაცვლა-გამოცვლა მიმდინარეობს. ჩვენ ძალიან დაწვრილებით ავუხსენით, თუ როგორ მოქმედებდა პოლიცია, რა ტიპის ძალადობა იყო გამოყენებული დემონსტრანტების მხრიდან.

ევროპის საბჭოს მდივანი ძალიან მონდომებული იყო იმისთვის, რომ ყველა მხარის პოზიცია მოესმინა და, ჩემი აზრით, ეს ძალიან დადებითი მოვლენაა ჩვენი ბოლო პერიოდის ისტორიაში, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ხშირად ვხვდებით სწორედ ცალმხრივად მიწოდებული ინფორმაციის მსხვერპლი, როგორც ქვეყანა, ასევე, ცალკეული შემთხვევები და პოლიტიკოსები.

ასე რომ, ევროპის საბჭოს მდივნის მცდელობა, რომ ყველა მხარეს მოუსმინოს და ობიექტური ინფორმაცია მიიღოს, ჩემი აზრით, არის ძალიან მისასალმებელი და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველო ევროპული ოჯახისთვის და რაოდენ დიდი არის საქართველოთი დაინტერესება", - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი თბილისში შეხვედრებს განაგრძობს. ცოტა ხნის წინ დასრულდა ალან ბერსესა და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა, რომელსაც დეპუტატებიც ესწრებოდნენ. მანამდე კი გაიმართა მოლაპარაკება პრემიერ-მინისტრთან. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ, კომენტარი ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მისი განცხადებით, საუბარი იყო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და მოხდა შეთანხმება მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე. მმართველ გუნდში იმედოვნებენ, რომ, ალან ბერსეს საქართველოში ჩამოსვლით და შეხვედრებით საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებთან, დასრულდება სპეკულაციები და საუბარი ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. ვიზიტის ფარგლებში, ალან ბერსე შეხვდება არჩეულ პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ოპოზიციას.

დღის ამბები